04 მაისი 2024,   03:38
ვრცლად
"უკრაინის ომის 100 დღე" - ფილმს, რომელიც "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებისა და ოპერატორების უკრაინაში მუშაობის შესახებ მოგვითხრობს, მოლდოვას ნაციონალურ ტელევიზიაში აჩვენებენ

"უკრაინის ომის 100 დღე" - თომა ჩაგელიშვილის ფილმს, რომელიც "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებისა და ოპერატორების უკრაინაში მუშაობის შესახებ მოგვითხრობს, უკრაინის შემდეგ მოლდოვას ნაციონალურ ტელევიზიაში აჩვენებენ. დოკუმენტურ ფილმში, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები და ოპერატორები ჰყვებიან, თუ რა ნახეს და რა გადახდათ თავს.

ფილმის ჩვენება სხვა ქვეყნებშიც იგეგმება - მათ შორის კანადაში. მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა სახელმწიფოების ტელევიზიებთანაც.

დოკუმენტურ ფილმს "რუსთავი 2" საქართველოში უკრაინის საელჩოსთან ერთად დიპლომატიურ კორპუსს წარუდგენს. მოლდოვას არხზე ფილმის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.

"ჩვენთვის არ არის უცხო, რაც ახლა ხდება უკრაინაში, წლებია ჩვენ რუსული ოკუპაციის ქვეშ ვცხოვრობთ. არა ერთი ომი ჰქონდა საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან.

გამოვხატეთ ის ტკივილი და სოლიდარულები ვართ ქართველები იმ ტკივილში, რასაც ახლა განიცდის უკრაინა. სწორედ ამის გამოძახილია ეს ფილმი, რომელიც გაუშვა უკრაინულმა ტელევიზიამ, რომელსაც ხვალ გაუშვებს მოლდოვის ტელევიზია და რომელსაც ამ დღეებში და უახლოეს მომავალში არა ერთი სატელევიზიო არხი გაუშვებს სატელევიზიო ეთერში," - აცხადებს "მედია ჰოლდინგის" დირექტორი ვაკო ავალიანი.

დღის ამბები