25 აპრილი 2024,   08:10
ვრცლად
ბევრ ქალაქში ახლა მოდუნება იგრძნობა, მაგრამ ომი არ დასრულებულა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს მთლიანი ფრონტის ხაზის გასწვრივ, თუმცა ფრონტის ხაზს დაშორებულ ქალაქებში მოდუნება იგრძნობა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ომი არ დასრულებულა და უნდა დაეხმაროს ჯარს და გამოიყენოს ყველა კავშირი საზღვარგარეთ, რათა ომის საშინელების შესახებ ნამდვილი ინფორმაცია გაავრცელოს.

"დღეს რუსეთის ჯარი აგრძელებს რაკეტებით თავდასხმას ჩვენს ქალაქებზე. საღამოს მდგომარეობით უკვე იყო 6 სარაკეტო თავდასხმა, ჯამში 12 რაკეტა. მიკოლაივზე, დონეცკის ოლქზე გრძელდებოდა საავიაციო თავდასხმა. სასტიკი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, დონბასში, რა თქმა უნდა, ეპიცენტრი ლუჰანსკის ოლქის ქალაქებშია.

ძლიერდება მტრის აქტივობა ხარკივის ოლქში. შესაძლებელი გახდა ოკუპანტების გაყრა ივანოვკიდან, ვაგრძელებთ ზეწოლას ჩვენი ქვეყნის სამხრეთით. უკან მდებარე ბევრ ქალაქში ახლა მოდუნება იგრძნობა, მაგრამ ომი არ დასრულებულა - ის არის. სამწუხაროდ, მისი სისასტიკე ზოგჯერ იზრდება კიდეც და არ შეიძლება ამის დავიწყება. ამიტომ, აუცილებლად დაეხმარეთ ჯარს, დაეხმარეთ მოხალისეებს, დაეხმარეთ ყველას, ვინც ამ დროში მარტო დარჩა. გამუდმებით გამოიყენეთ ყველა თქვენი კონტაქტი საზღვარგარეთ, ყველა თქვენი საინფორმაციო საშუალება - უბრალოდ სოციალური ქსელებიც კი, რათა გაავრცელოთ სიმართლე ომზე და ჩვენს მიწაზე ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულზე. ხვალაც და მთელი ახალი კვირის განმავლობაში იქნება უკრაინისთვის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, შეხვედრები - დიპლომატიურ აქტივობას არ ვამცირებთ არც ერთი დღით. ველით ახალ გადაწყვეტილებებსაც პარტნიორებისგან თავდაცვით დახმარებასთან დაკავშირებით.

მთავარია, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის დღეს, უნდა გვახსოვდეს, რომ დადგება ხვალ და რომ ხვალინდელმა დღემ უნდა მოუტანოს უკრაინას მაქსიმალური სარგებელი - ყველამ უნდა გააკეთოს ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერი რაც შეუძლია. მადლობა ყველა ჩვენს დამცველს, თქვენ ყოჩაღები და ძლიერები ხართ! დიდება უკრაინას!"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა აღდგეს არა მხოლოდ ის, რაც ოკუპანტების მიერ განადგურდა, არამედ უნდა შეიქმნას ცხოვრების ახალი, უსაფრთხო და მოსახერხებელი საფუძველი.

"საჭიროა ყველაფერი შესაძლებლის გაკეთება, რათა აგრესორი დამარცხდეს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ისტორიულად და კონცეპტუალურადაც, რათა რუსეთში ყველამ დაიმახსოვროს, რომ უკრაინის გატეხვა არაფერს, არავის და მათ შორის არც სასტიკ ომს არ შეუძლია," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები