05 ოქტომბერი 2022,   22:08
ვრცლად
კორონავირუსი გააქტიურდა - რა შტამები ცირკულირებს საქართველოში და როგორია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი

კორონავირუსი გააქტიურდა - ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ომიკრონის ორი ქვეტიპის ცირკულირებაზე საუბრობს.

ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარება განსაკუთრებით შეცვლილია ბოლო კვირის განმავლობაში, ეს კი ომიკრონის ორი ქვეტიპის, BA.4 და BA.5-ის გავრცელებას უკავშირდება, რომელიც უკვე 60%-ით არის დომინანტი საქართველოში.

BA.4 და BA.5 მისი წინამორბედისგან განსხვავდება იმით, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, დღის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევებიდან მხოლოდ 15-დან 25-მდე ადამიანს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. 

"საქართველოში ბოლო სამი კვირაა უკვე მატება გვაქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო კვირა, როდესაც გაორმაგება მოხდა, ანუ ვთქვათ თუ 2 კვირის წინ, კვირის განმავლობაში იყო 400-500 შემთხვევა, 20-დან 26 ივნისამდე ჩვენ გვქონდა 1000-ზე მეტი შემთხვევა. ამ კვირაშიც, წინასწარი მონაცემების მიხედვით - იქნება მატება. 

მაგალითად, გუშინ გვქონდა 530 შემთხვევა. პროგნოზი არის ის, რომ შემთხვევების მატება გვექნება, მაგრამ საავადმყოფოების დატვირთვის მაჩვენებელი სტაბილურია დაბალ დონეზე, რაც ნიშნავს რომ ყოველდღიურად საავადმყოფოებში ხვდება 15-20-25 ადამიანი. დღევანდელი გათვლებით, 50-60%-ით ქვეყანაში ცირკულირებს BA.4 და BA.5," - აცხადებს გამყრელიძე.

დღის ამბები