26 დეკემბერი 2024,   14:15
ვრცლად
ლუჰანსკის უკანასკნელ ფორპოსტს ოკუპანტები აკონტროლებენ, ლისიჩანსკი რუსმა სამხედროებმა გვიან ღამით აიღეს და ახლა პოზიციებს ამაგრებენ

ლუჰანსკის უკანასკნელ ფორპოსტს ოკუპანტები აკონტროლებენ, ლისიჩანსკი რუსმა სამხედროებმა გვიან ღამით აიღეს და ახლა პოზიციებს ამაგრებენ. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ქალაქის დაპყრობის შემდეგ მთელ ძალებს რუსეთის არმია ახლა დონეცკის ოლქის ასაღებად გადაისვრის. ბოლო 24 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ იბომბება ავდეევკა, ბახმუტი, კრამატორსკი და სლავიანსკი. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულია 9 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, 25 კი უმძიმესი დაზიანებებით კლინიკებშია გადაყვანილი. დონეცკის ოლქი ახლა ელექტროენერგიისა და გაზის გარეშეა დარჩენილი. ოფიციალური კიევი ცეცხლის ხაზიდან მოქალაქეების სასწრაფო წესით ევაკუაციას ცდილობს.

რუსული რაკეტების წვიმაში მოჰყვა "ფრანს 24-ის" გადამღები ჯგუფიც, ფრანგი რეპორტიორები დონეცკის ოლქში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციას იღებდნენ. მძიმე ღამე ჰქონდა სუმის ოლქსაც, რომელსაც ოკუპანტებმა ორასზე მეტი სხვადასხვა ტიპის ფოსფორისა და კასეტური ჭურვი ესროლეს. დაბომბვის ქვეშ მოჰყვა ხარკოვიც, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა ინტენსიური ცეცხლის ქვეშაა. უკრაინული დაზვერვა კი ომის დასრულებას და უკრაინა-რუსეთის საზღვარზე გასვლას 2023 წელს ვარაუდობს.​

ლისიჩანსკში ჯერ კიდევ გრძელდება მშვიდობიანი მოსახლების ევაკუაციის პროცესი. გუბერნატორის განცხადებით, უკრაინული არმიის გამოყვანით თავიდან აიცილეს მეორე მარიუპოლი.

სამხედრო ოპერაცია დასრულდა კუნძულ ზმეინზეც, სადაც კვლავ უკრაინის დროშა ფრიალებს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამხრეთ ძალების ხელმძღვანელი ადასტურებს. მძიმე მდგომარეობაა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ხარკოვში ჩამოგდებულმა ორმა რაკეტამ 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 6 კი დაშავდა.

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 10 კი დაიღუპა.

ფსიქიატრიული პანსიონი დაიბომბა სუმის ოლქში - დაშავდა სამი ადამიანი. დაიწვა სასადილო და ადმინისტრაციული შენობა.

დაიბომბა მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. "უნიანი" წერს, რომ სუმის ოლქში ოკუპანტებმა ფოსფორისა და კასეტური ჭურვები გამოიყენეს.

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონეცკის ოლქშიც, სადაც გასულ დღეს 24 თავდასხმა განხორციელდა და 18 დასახლება დაიბომბა. დღეს კრამატორსკისა და სლავიანსკის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაშავდა 25 მშვიდობიანი. უკრაინული პოზიციების დაბომბვა ბახმუტშიც გაძლიერდა.

დღის ამბები