26 დეკემბერი 2024,   14:52
ვრცლად
ყველას დავუპირისპირდები, ვინც საქართველოში ომის რიტორიკას დაიწყებს, რუსული ძალები მოიკითხონ თავიანთ პარტიებში - გორის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე

გორის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, მიხეილ გოგინაშვილმა, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა, თავისი გადაწყვეტილება განმარტა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი კელი დეგნანის განცხადებაა, რომელიც, მისი შეფასებით,   შეურაცხმყოფელი იყო.

"ერთადერთი მიზეზი ამ გადაწყვეტილების არის ის, რომ ჩვენი ბრჭყალებში ზოგიერთი მეგობრის მიერ გაკეთებული განცხადებები და დამოკიდებულება საერთოდ საქართველოს მიმართ, საქართველოს პოლიტიკური სისტემის მიმართ, არასწორი და უხეში დამოკიდებულებები.

ქალბატონი კელი დეგნანის განცხადება საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ დასმულ კითხვებზე, შეურაცხმყოფელი განცხადება, რომელიც საერთოდ არ ჯდება არც პოლიტიკაში და არც დიპლომატიაში.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პარტიული შეზღუდვების გარეშე ვიღაცამ თქვას სათქმელი და მოსახლეობამდე მიიტანოს ის, რაშიც არის სიმართლე.

ამ განცხადების მერე ატეხეს, რომ დასავლეთს უპირისპირდება და დასავლეთის წინააღმდეგ გამოდის, ეს არის მტკნარი სიცრუე. პირიქით, ზუსტადაც, რომ დასავლეთის და სწორი გადაწყვეტილებების დასახმარებლად გამოვდივარ და იმისთვის, რომ ხალხმა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს.

ვინც ამას ამბობს, მათ მინდა შევახსენო, რომ მე დასავლეთი მაშინაც მინდოდა, როდესაც ტელევიზიებს არბევდნენ; მაშინაც, როდესაც ხალხს ქონებას ართმევდნენ; დასავლეთი მაშინაც მინდოდა, როდესაც საკუთარ ჯარს და ჯარისკაცებს აბრალებდნენ ომის დაწყებას და დასავლეთი ახლაც მინდა, მაშინ, როდესაც ტელევიზიები ტყუილით არის გაბერილი და ტყუილს გადმოსცემენ.

ყველას დავუპირისპირდები, ვინც საქართველოში ომის რიტორიკას დაიწყებს და ომის გაჩაღება მოუნდება. რუსული ძალები მოიკითხონ თავიანთ პარტიებში კობა ნაყოფია, რუსული ბიუჯეტიდან დაფინანსებული მათი ლიდერები. ეს ტყუილი და ფარსი არ გაუვათ. მე ყოველთვის ვიქნები სიმართლის სადარაჯოზე.

განცხადება ოფიციალურად დაწერილი მაქვს, გეგმებს რაც შეეხება, გავაგრძელებ დამოუკიდებელ საკრებულოს წევრად მუშაობას და ვნახოთ რა იქნება.

დავუკავშირდები მეგობრებს, რომლებმაც კიდევ დატოვეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში თანამდებობები, გავივლი კონსულტაციებს, ვისაუბრებთ სხვადასხვა თემებზე, საჭირო თემებს გამოვიტანთ და ვიქნებით იმისთვის, რომ საქართველომ ღირსეულად შეაბიჯოს ევროკავშირში.

არავითარი დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" არ ყოფილა. მამუკა მდინარაძეს შევხვდი, მართალი გითხრათ ნაბიჯი ცოტა არ მომიწონა, მაგრამ ჩვენ ჩვენს პოზიციებზე დავრჩით. პატივს ვცემ, "ქართული ოცნების" ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერ," - განაცხადა გოგინაშვილმა. 

დღის ამბები