08 მაისი 2024,   12:32
ვრცლად
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე კვლავ სუს-ის შენობაშია, თუმცა ბრალდებულის სტატუსით - რა არის ცნობილი სოსო გოგაშვილის დაკავების მიზეზის შესახებ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ისევ სუს-ის შენობაშია, თუმცა ამჯერად, უკვე ბრალდებულის სტატუსით. მასთან, დაახლოებით, 2 საათის წინ, ადვოკატი შევიდა. 

მართალია, საგამოძიებო ორგანომ სოსო გოგაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, თუმცა უწყებას კონკრეტული საქმის დეტალები ჯერ არ გაუსაჯაროებია. თქვა მხოლოდ ის, რომ გოგაშვილის დაკავება არა ახალი, არამედ მიმდინარე გამოძიებას ეხება.

სპეცრაზმი ავთო ვარაზის 91 ნომერში გვიან ღამით, დაახლოებით 2 საათზე გამოჩნდა. თითქმის 13-საათიანმა სპეცოპერაციამ ოჯახის მხრიდან ბრალდებები საგამოძიებო პროცესის მიმართ გააჩინა. ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლე და შვილი ამტკიცებენ, რომ მათი სახლიდან ამოღებული იარაღების, მეხსიერების ბარათების, დოკუმენტებისა და ელექტრონული მოწყობილობების ნაწილი თავად სამართალდამცველებმა შეიტანეს მათ სახლში. თეა მარტყოფლიშვილი ყვება იმასაც, რომ ოჯახის წევრების მიმართ სამართალდამცველებმა ძალა გამოიყენეს.

სოსო გოგაშვილის მეუღლე მისი ოჯახის მიმართ მუქარაზეც ალაპარაკდა. თეა მარტყოფლიშვილმა მოჰყვა, რომ ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა. დავალების გამცემ პირებად კი, მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები დაასახელა. თავად ბოდბელი ეპისკოპოსი კი, ამ ფაქტს უარყოფს.

გამოძიება სოსო გოგაშილის სხვა საცხოვრებელი სახლებითაც დაინტერესდა. ერთობლივი ჩხრეკის ოპერაცია როგორც ყოფილი მაღალჩინოსნის მშობლიურ მხარეში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, ისე - აჭარაშიც ჩატარდა.

ოფიციალური განმარტება, რატომ დაინტერესდა სოსო გოგაშვილის ყოფილი სამსახური მისით, ჯერ კიდევ არ გაკეთებულა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მხოლოდ ის თქვეს, რომ გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას. რა კონკრეტულ საქმეზეა საუბარი, ამაზე სუსი არ საუბრობს.

დღის ამბები