04 მაისი 2024,   20:32
ვრცლად
"ალტერნატიული შემოქმედებითი სივრცე N12"-ის კონცეფციაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა

მულტიფუნქციური "ალტერნატიული შემოქმედებითი სივრცე N12"-ის კონცეფციაზე მუშაობის პროცესი სრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისრტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილზე გაეცნო ამ უპრეცედენტო ინიციატივის განსახორციელებლად საჭირო კონცეფციის დეტალებს და, არქიტექტორ დავით აბულაძესა და თოჯინების სახელმწიფო თეატრების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელ ნიკოლოზ საბაშვილთან ერთად, სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

გეგმის თანახმად, 2023-2024 წლებში, ორთაჭალის ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების შენობასა და ტერიტორიაზე, ალტერნატიული შემოქმედებითი სივრცეები ეტაპობრივად გაიხსნება. მოეწყობა ღია თეატრი, სარეპეტიციო, საგამოფენო სივრცეები, ასევე, სახელოსნოები და პავილიონები.

ალტერნატიული შემოქმედებითი სივრცით სარგებლობის და სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტისა თუ ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობა ნებისმიერ ხელოვანს ექნება. 
დაინტერესებული პირები და ორგანიზაციები შესაბამისი სივრცის ონლაინ დაჯავშნას მარტივად შეძლებენ.

2021 წელს, კულტურის მინისტრის ინიციატივით, თბილისში, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადგილას კულტურისა და თავისუფალი შემოქმედების კერის მოწყობის იდეას ჩაეყარა საფუძველი.  შარშანვე, „ალტერნატიულ სივრცე N12“-ში მაყურებელმა იხილა მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალური დასის სპექტაკლი „მარინა რევია“ (რეჟ. გოჩა ხვიჩია). 

ასევე, 2021 წლის 18 ივნისს საქართველოს კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა  პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალისა და პრემიის დაარსების შესახებ განაცხადა. 

კულტურის სამინისტროს მიერ შემოღებული პრემია ზურაბ რთველიაშვილის დაბადების დღეს, 16 ოქტომბერს, მხატვარ მამუკა ცეცხლაძეს - პირველ ქართველ ხელოვანს, რომელმაც საქართველოში 1988 წელს შეასრულა მხატვრული პერფორმანსი,  სწორედ ალტერნატიულ სივრცე N12-ში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცა.

დღის ამბები