04 მაისი 2024,   19:47
ვრცლად
ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს, 33 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაკავებულია 70 წლის ქალი, თუმცა ოჯახი სხვა პირების დასჯასაც ითხოვს

შიდა ქართლის სოფელ კარბში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტს 33 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, მეზობლებმა სარწყავი არხი ვერ გაინაწილეს. თანასოფლელებს შორის  დაწყებული კონფლიქტი ჯერ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა და შემდეგ კი მკვლელობით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულმა ლევან გვიმრაძემ მეზობელს ჩხუბის დროს ბლაგვი საგანი ჩაარტყა, ფაქტს ლევან კაპანაძის დედა შეესწრო, რომელმაც შვილის დაცვა სცადა და მოკლულს თავის არეში ქვით დაზიანებები მიაყენა. გვიმრაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ლევან გვიმრაძე, თავის არეში მიყენებული დაზიანებებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ფაქტზე 70 წლის ქალი დააკავეს, თუმცა გვიმრაძეები სხვა პირების დასჯასაც ითხოვენ. "კურიერთან" ინტერვიუში ოჯახი იხსენებს, რომ ჩხუბის დროს, ადგილზე სხვებიც იმყოფებოდნენ და გარდაცვლილს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

დაკავებული მანანა კაპანაძის ოჯახმა სოფელი მომხდარიდან მალევე დატოვა, მას შემდეგ სახლში არავინაა.

შიდა ქართლში მომხდარ მკვლელობაზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.  70 წლის ქალის გარდა, დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ამას გამოძიება დაადგენს. დაკავებულს ბრალი ოფიციალურად აქვს წარდგენილი და ის წინასწარ ორთვიან პატიმრობაში იმყოფება.



დღის ამბები