ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.
დაკავებულ რვავე პირს ბრალი ოფიციალურად 30 ივლისს წარუდგინეს. ბრალდებული 7 პირიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.