21 დეკემბერი 2024,   16:28
ვრცლად
რას ამბობს ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ოქროს მოწმე - "კურიერმა" საქმის მასალები მოიპოვა

განზრახ მკვლელობა - მოტივი შურისძიება. კურიერი ცხვარიჭამიის მკვლელობის საქმის მასალებს ეცნობა. 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეში 31 მოწმეა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთია მკვლელობის თვითმხილველი.

საქმეში სულ 4 ტომია, სადაც ყველაფერია აღწერილი - როგორ დაიწყო და განიმუხტა პირველი კონფლიქტი, რატომ გაგრძელდა მოგვიანებით, ვინ იყო ყველაზე აგრესიული, რამდენი ჭრილობა აქვს, ვინ აღმოუჩინა პირველი დახმარება და რა ვითარებაში გარდაიცვალა მძიმედ დაჭრილი 20 წლის ახალგაზრდა.

"კურიერის" მიერ მოპოვებული საქმის მასალებით ირკვევა, რომ მკვლელობას ერთადერთი მოწმე და თვითმხილველი ყავს, ნანუკა არაბულს,  იუბილარის დას უკვე დაზარალებულის სტატუსი აქვს. მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ წვეულებაზე დაწყებული კონფლიქტი ქუჩაში გაგრძელდა.

დათო ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავა ქუჩაში გაიყვანა, რაც იუბილარის დამ შენიშნა და ახალგაზრდებს გაჰყვა. ნანუკა არაბული ჩვენებაში წერს, რომ ის მოკლულისა და ბრალდებულის გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც წაიქცა.

მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. წვეულების სტუმრებმა დაჭრილი მირიან კუკავა ცხვარიჭამია- თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე პირქვე მწოლიარე იპოვეს. ახალგაზრდებმა, ქუჩაში მიმავალი მანქანა გააჩერეს და დაჭრილი საავადმყოფოში წაიყვანეს. დაახლოებით 3-4 კილომეტრში მათ სასწრაფოს ბრიგადა შეხვდათ, რა დროსაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა უშედეგოდ.

"კურიერმა" მოიპოვა ასევე იუბილარის დედის ჩვენება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კონფლიქტის ინიციატორი გიორგი ხორავა იყო, მასთან ერთად ჩხუბში ბრალდებულები დათო ჯიჯეიშვილი და გიორგი კუჭავაც ჩაერთნენ. აგარაკის ეზოში, სუფრასთან ახლოს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, იუბილარის დედის, სოფიო ჩოხელის ჩარევის შედეგ კი ვითარება შედარებით განიმუხტა, მაგრამ დროებით.

კონფლიქტის დაწყება იუბილარის დედამ სახლის მეორე სართულზე გაიგო, რომელიც ყვება, რომ რკინის საგნის დაცემის ხმაც მოესმა. ამავე ხმამ მიიქცია ახლა უკვე ბრალდებულ ნიკა ბაზაძის ყურადღებაც - ეს რკინის საფერფლე იყო, მაგრამ მოწმეებმა არ იციან მოხდა თუ არა საგნის გამოყენება ფიზიკური დაპირების დროს ეზოში. ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული ბაზაძე წვეულებაზე ალკოჰოლს არ იღებდა. სწორედ მისი ჩვენებით ირკვევა, რომ კონფლიქტი აგარაკზე რამდენჯერმე მოხდა.

წვეულების 7 სტუმარს გამოძიება ხულიგნობასა და ცრუ ჩვენებას ედავება. მათი ადვოკატები ამბობენ, რომ კონფლიქტი დღეს ამოწურულია და რომ ბევრი საკითხი დასაზუსტებელია, მათ შორის რკინის საფერფლის არსებობა, რომელიც ჩვენებებში არაერთხელ ჩნდება.

დაკავებული 8 პირიდან დანაშაულს მხოლოდ მკვლელობაში ბრალდებული დათო ჯიჯეიშვილი აღიარებს - ის პოლიციას თავად ჩაბარდა. მოკლული მირიან კუკავას საქმის დაკავებული ფიგურანტები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მან პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და განმარტა, რომ არსებობს კონფლიქტის გამწვავების, მტკიცებულებათა განადგურების ან ბრალდებულთა მიმალვის საფრთხე.

მკვლელობა ცხვარიჭამიაში 28 ივლისს მოხდა, მხარის გაკვრის გამო სააგარაკე სახლში 20 წლის მირიან კუკავას დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

დღის ამბები