21 დეკემბერი 2024,   20:24
ვრცლად
ოზურგეთში, ცოლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

მკვლელობა ოზურგეთში - წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა. ამ დროისთვის იგი დაკავებულია. გამოძიება 109-ე,  დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მკვლელობა ნაქირავებ ბინაში, არასრულწლოვნების თვალწინ, სავარაუდოდ ყოფილმა მეუღლემ ჩაიდინა - მოკლულია 38 წლის სამი შვილის დედა.

ცნობილია, რომ დაკავებული წარსულში არაერთხელ ნასამართლევია ოჯახური ძალადობის ბრალდებით. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის იარაღს, საუბარია ბასრ საგანზე, კონკრეტულად კი ე.წ. შტირზე, რომელიც ნივთმტკიცების სახით უკვე ამოღებული აქვთ სამართალდამცავებს.

გარდაცვლილი ქალის ძმა ჰყვება, რომ დაკავებული ყოფილ ცოლს ადრეც ავიწროვებდა და იგი ორჯერ, ძალადობის მუხლით დააკავეს. გარდაცვლილი ქალის ძმა ამბობს, რომ დაკავებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა არასდროს ყოფილა.

"დაშორებული რომ იყო შერიგება უნდოდა. ბოლოს ჩემს დას ორი დღის წინ ვესაუბრე" ,– აცხადებს გარდაცვლილის ძმა.

მეზობლების განცხადებით, დაკავებული დაშორების შემდეგ ყოფილ მეუღლეს აწუხებდა. 

ადგილობრივების ამბობენ, რომ გარდაცვლილ ქალს 3 შვილი დარჩა, ის შვილებთან მარტო ცხოვრობდა.

დაკავებული მამაკაცისთვის ჯერჯერობით ოფიციალურად ბრალი არ წარუდგენიათ და უცნობია აღიარებს თუ არა ის ცოლის მკვლელობას.

დღის ამბები