25 აპრილი 2024,   09:40
ვრცლად
"მტერი აგრძელებს სასაზღვრო დასახლებების დაბომბვას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან" - ომის 172-ე დღე უკრაინაში

უკრაინაში ომის 172-ე დღეა. რუსმა ოკუპანტებმა, დონეცკის ოლქში, 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, დაჭრილია 10.

"გრადიდან" 30-ჯერ გაისროლეს დნეპროპეტროვსკის ოლქის მიმართულებით, დაჭრილია 69 წლის მამაკაცი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზი.

რუსულმა ჯარებმა გაზარდეს სახმელეთო შეტევები სივერსკის რეგიონში. ინფორმაციას უკრაინული მედია, ომის შესწავლის ამერიკულ ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლავ დაიბომბა ნიკოპოლი. გვიან ღამით, სარაკეტო იერიში მიიტანეს მიკოლაივზე, შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმის საფრთხე კვლავ რჩება.

"მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა ვოლინის, პოლისისა და სივერის მიმართულებით. მტერი აგრძელებს სასაზღვრო დასახლებების დაბომბვას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან. ხარკოვის მიმართულებით ოკუპანტები აგრძელებენ სროლას საკონტაქტო ხაზის გასწვრივ, ინარჩუნებენ უპილოტო საფრენი აპარატებით საჰაერო დაზვერვის მაღალ ინტენსივობას.

დონეცკის მიმართულებით, მტერმა ჩვენს ქვედანაყოფებს ესროლა. ბახმუტის მიმართულებით მტერმა ესროლა დასახლებების სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და თავდაცვის ძალების პოზიციებს.

შავი და აზოვის ზღვების რაიონებში მოწინააღმდეგის საზღვაო ჯგუფი აგრძელებს ჯარების სახმელეთო ჯგუფის მხარდაჭერის და შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის ბლოკირებას. უკრაინის ტერიტორიაზე კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმის საფრთხე კვლავ რჩება," - აცხადებს სტუპუნი.

დღის ამბები