21 დეკემბერი 2024,   16:43
ვრცლად
21 წლის ახალგაზრდას საკუთარი ნივთის დაბრუნება სიცოცხლის ფასად დაუჯდა - მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

21 წლის ბიჭს საკუთარი ნივთის დაბრუნება, სიცოცხლის ფასად დაუჯდა. რეზი ლომსაძე აჭარაში, ზღვისპირა რეგიონში დასასვენებლად იყო ჩასული. გუშინ, საღამოს, კლუბ "ჰავანაში" მეგობრებთან ერთად გართობა გადაწყვიტა. ცეკვის დროს შენიშნა, რომ მისი კუთვნილი ტელეფონი, რომელიც მაგიდასთან დარჩა, სხვამ აიღო. ამას მოჰყვა ჯერ კლუბის შიგნით მხარეებს შორის სიტყვიერი კამათი, ფიზიკური დაპირისპირება კი შენობის გარეთ, სანაპირო ზოლზე გაგრძელდა. ლექსო ინდუაშვილმა რეზი ლომსაძეს ცივი იარაღის გამოყენებით, ქვედა კიდურებში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, თვითმხილველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ოფიციალური ინფორმაციით, 21 წლის რეზი ლომსაძე კლინიკაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. კლუბ "ჰავანასთან" ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და მტკიცებულების სახით, ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები ადგილიდან ამოიღეს. თავად კლუბის წარმომადგენლები მომხდარის შესახებ ამბობენ, რომ არაფერი იციან და მაღალი მუსიკის ფონზე, დამსვენებლებს შორის სიტყვიერი კამათიც კი არ გაუგიათ.

31 წლის ლექსო ინდუაშვილი, რომელიც წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია, შს სამინისტრომ მომხდარიდან მალევე დააკავა. 21 წლის რეზი ლომსაძის ცხედარი ხაშურში, მის საკუთარ სახლში გვიან ღამით, სამ სთ-ზე მიასვენეს.

პროკურატურამ რეზი ლომსაძის მკვლელობის ფაქტზე 31 წლის კაცს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. საქმე 117 - ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება დაკვალიფიცირდა და საგამოძიებო უწყება ლექსო ინდუაშვილს განზრახ მკვლელობას ედავება, რაც 10-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, უკვე მიმართა.

დღის ამბები