04 მაისი 2024,   23:17
ვრცლად
მუქარა, ცემა, მჩხვლეტავი საგნით მიყენებული დაზიანებები და გაუპატიურება - გამოძიების ცნობით, ლაშა ნაკაიძის მიერ ახალგაზრდა ქალზე ძალადობის მოტივი შურისძიება იყო

თითქმის 1 საათიანი განხილვისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა ლაშა ნაკაიძე პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა ”მთავარი არხის” ყოფილი ტელეწამყვანის პატიმრობაში დარჩენას მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და დანაშაულის ხელახლა ჩადენის საფრთხის გამო ითხოვდა. საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე პროკურორს მედიასთან არ უსაუბრია, თქვა მხოლოდ ის, რომ დაზარალებულს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდება, ამის პარალელურად კი უკვე ჩანიშნულია ექსპერტიზის თარიღიც.

დაცვის მხარის შუამდგომლობა კი, წაყენებული ბრალის სანაცვლოდ, 1000 ლარიანი გირაო იყო. მოსამართლემ ტელეწამყვანის ადვოკატის ეს პოზიცია არ გაიზიარა. ზოგადად, უცნობია რას ფიქრობს ლაშა ნაკაიძე დღეს, მისმა ინტერესების დამცველმა მედიასთან საუბარი არ ისურვა, ბოლო განცხადებით კი, ცნობილია, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ლაშა ნაკაიძეს გამოძიება 3 მუხლს ედავება, მათ შორის, ოჯახურ ძალადობას, გაუპატიურებასა და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას. გამოძიების ცნობით, ყოფილი ტელეწამყვანი შურისძიების ნიადაგზე, დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით ახალგაზრდა ქალს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, სხეულის სხვადასხვა არეში კი დარტყმითა და მჩხვლეტავი საგნით დაზიანებები მიაყენა, ამის შემდეგ ბრალდებულმა დაზარალებულზე სექსუალურად იძალადა. საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, თუმცა, დეტალურად და შინაარსობრივად საქმის მასალებზე ბრალდების მხარე არ საუბრობს.

ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს დღეს ქალთა უფლებადამცველებიც გამოეხმაურნენ. საფარის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების პრევენციის მიზნით, საჭიროა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

"მთავარი არხის" ყოფილი ტელე-წამყვანი სამართალდამცველებმა 2 დღის წინ, საკუთარ სახლში დააკავეს. იმ შემთხვევაში თუკი ნაკაიძეს ბრალი დაუმტკიცდება, მას 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები