03 მაისი 2024,   20:04
ვრცლად
რესტორანში დაწყებული ჩხუბი, რომელიც მკვლელობით დასრულდა - მარნეულის რაიონში მეზობელმა მეზობელი წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დანით მოკლა

მეზობელმა კარის მეზობელი მოკლა. წარსულში არსებული კონფლიქტის გამო საკუთარ სახლში დანის რამდენიმე დარტყმით მოკლა. დაჭრილი 31 წლის მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს, ილქინ ასლანოვი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. სისხლიან გარჩევამდე ბრალდებული რამინ ბინატოვიც და მოკლულიც მარნეულში მდებარე რესტორანში იმყოფებოდნენ, სადაც მათ შორის ურთიერთ შელაპარაკება მოხდა.

რამინ ბინატოვის სახლს ახლა პოლიცია იცავს. 38 წლის ბრალდებული მამაკაცის ოჯახს საკუთარი საცხოვრებელი სახლის იძულებით დატოვება მოუწია. 

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, 38 წლის მამაკცი მეზობლისთვის მიყენებული სასიკვდილო ჭრილობების შემდეგ, ადგილიდან გაიქცა. მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ კვების ობიექტში გვიან ღამით დაიწყო. დაპირისპირება ილქინ ასლანოვსა და მის მეზობელს შორის, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში გაგრძელდა. რესტორნის თანამშრომლები კამერებთან დეტალურად არ საუბრობენ, და ყვებიან, რომ სასადილოს ტერიტორიაზე კონფლიქტი არ მომხდარა.

გამოძიების ვერსიით, მოკლულსა და სავარაუდო დამნაშავეს შორის, ურთიერთშელაპარაკება წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. მეზობლებს უჭირთ საუბარი, კონკრეტულად რას უკავშირდებოდა ახალგაზრდა მამაკაცებს შორის დაპირისპირება.

პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები