27 აგვისტო 2026,   04:34
ვრცლად
დნეპროპეტროვსკში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის 6 და 11 წლის ბავშვებიც არიან - ომის 183-ე დღე უკრაინაში

ომის 183 დღე - უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. 25-მდე გაიზარდა დნეპროპეტროვსკში რკინიგზის სადგურზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, მათ შორის 11 და 6 წლის ბავშვებიც არიან, დაშავებულია ათობით ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სუმის ოლქი 32-ჯერ დაიბომბა. 

აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის ოლქში, კერძოდ კი ვიშკოროცკიც რაიონში. სარაკეტო იერიშები განხორციელდა კიდევ რამდენიმე რეგიონზე.

ხემლინცკის ოლქში სულ რამდენიმე წუთის წინ, ორი სარაკეტო თავდასხმა მოხდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. 

ომის დაწყებიდან 183-ე დღეს რამდენჯერმე დაიბომბა ქალაქი ხარკოვი და ასევე ოლქის რამდენიმე დასახლება. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კასეტური ტიპის ბომბებით თავდასხმა მოხდა ქალაქ კრივოირიჰზე. საოკუპაციო ძალებმა ე-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს ქალაქი ნიკოლაევი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ არც საქართველოში და არც უკრაინაში ომი არ იქნებოდა 2008 წელს ეს ქვეყნები ნატო-ში რომ მიეღოთ.

"დღეს ჩვენ ქვეყნის გადარჩენისთვის ვიბრძვით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ დამოუკიდებლობის უფლებას. ჩვენ 30 წელზე მეტია დამოუკიდებლად ვცხოვრობთ, ჩვენს საზღვრებში შევქმენით აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყანა, ამიტომ დღეს შეიძლება მეტს ვიხდით იმის გამო, რომ საკუთარ არმიაზე არ ვზრუნავდით. ძალიან ვენდობოდით მეზობელს, რომელმაც ჩვენთან ბუდაპეშტის მემორანდუმი გააფორმა. ეს არის საერთაშორისო შეთანხმება და ჩვენ ისე გვჯეროდა ამ შეთანხმების. დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, ამ გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ. არც საქართველოში და არც უკრაინაში ომი არ იქნებოდა 2008 წელს ეს ქვეყნები ნატო-ში რომ მიეღოთ, მაგრამ ამჟამინდელი პარტნიორი ალიანსის წყალობით, უკრაინა შეძლებს აგრესორის დამარცხებას," - განაცხადა რეზნიკოვმა.

პარალელურად, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელ სამხედროები ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევებს ახორციელებენ. ერთ-ერთი ასეთი კონტრ-იერეიშის დროს ნოვაიაკახოვკაში მათ ააფეთქეს რუსული ძალების იარაღის საცავი, ასევე ააფეთქეს კახოვკას ხიდი, რომელსაც რუსი სამხედროები იყენებდნენ. ასევე, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით კონტრშეტევები განხორციელდა ზაპოროჟიეს, ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებზე, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა რუსული საოკუპაციო ძალების იარაღის საცავები ააფეთქეს. 

დღის ამბები