ქუთაისში "ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური კლინიკისა" და "სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის" სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ჩხობაძის კლინიკაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საოპერაციო, წინასაოპერაციო, წინასაპროცედურო, საპროცედურო, პოსტოპერაციული პალატებისა და სხვა დამხმარე სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება, შედეგად კი რეგიონში ქირურგიული სერვისების მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
სარემონტო სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ალექსანდრე კუტიბაშვილთან და მსოფლიო ბანკის კომუნიკაციების მენეჯერთან, მარინე ეგუტიასთან ერთად დაათვალიერა.
როგორც ილია ღუდუშაურმა აღნიშნა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ სამედიცინო კლინიკაში პაციენტებს სრული სამედიცინო სერვისის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, სასწრაფოს სერვისცენტრში კი 160 თანამშრომელი ჯამში 42 ეკიპაჟი გაუმჯობესებულ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში გააგრძელებს მუშაობას.
პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო სარემონტო სამუშაოების დასრულება 2023 წელსაა გათვალისწინებული.