03 მაისი 2024,   00:57
ვრცლად
ოკუპანტებმა მოიტანეს დეგრადაცია და სიკვდილი, თუმცა უკრაინა დაბრუნდება, სიცოცხლე აუცილებლად დაბრუნდება, დონბასელი ხალხის ღირსება დაბრუნდება - ზელენსკი

ომის 187-ე დღე - უკრაინის ცალკეულ ოლქებზე ოკუპანტები უწყვეტ თავდასხმას განაგრძობენ. ბოლო 24 საათში, 82-ჯერ დაიბომბა სუმის რეგიონი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

14 საათის განმავლობაში, გაუჩერებლად სარაკეტო იერიში ხორციელდებოდა სევეროდონეცკის რეგიონში სოფელ ორიხოვეზე, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

თავს დაესხნენ ხარკოვის ცენტრსაც - დაზიანდა შენობები, დაშავდა ორი ადამიანი. დაარტყეს სხვა ოლქებსაც.

არსებულ ვითარებაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი.

"დონბასი თითქმის სრულად განადგურებული და დაცარიელებულია რუსეთის დარტყმების გამო. ამაყი უკრაინული დონეცკი დამცირებულია რუსეთის ოკუპაციით, გაძარცვულია. რუსეთმა დონეცკში ყველაზე საშინელი რამ მიიტანა. ესაა სიცოცხლის ფასის სრული იგნორირება, აბსოლუტური უპატივცემლობა ყველას მიმართ. ოკუპანტებმა მოიტანეს დეგრადაცია და სიკვდილი. მათ სჯერათ, რომ დონეცკში სამუდამოდ არიან, თუმცა ისინი იქ დროებით იმყოფებიან. უკრაინა კი დაბრუნდება, სიცოცხლე აუცილებლად დაბრუნდება, დონბასელი ხალხის ღირსება დაბრუნდება. სიცოცხლის შესაძლებლობა დაბრუნდება, უსაფრთხოდ და ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა. სწორედ ამის სიმბოლო იქნება უკრაინული დროშა, რომელსაც აღვმართავთ დონეცკში, ჰორლოვკაში, მარიუპოლსა და დონბასის ყველა ქალაქში," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გეშტაბის პრესცენტრის ხელმძღვანელმა კი ავაიდარტყმებსა და საჰაერო იერიშების ბოლო ცნობებზე ისაუბრა. 

"ოკუპანტებმა სლავიანსკის მიმართულებით ტანკებით, არტილერიისა და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან დაბომბა კურულკას, ბრაჟკოვკას, ბოგოროდიჩნის, კრასნოპოლიესა და ადამოვკას ახლომდებარე ტერიტორიები. ბახმუტის მიმართულებით მტერმა დაბომბა სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ბახმუტსკოესთან, შუმოვთან, იაკოვლევკასთან, ზაიცევსთან და კოდემასთან. ავიადარტყმები მიაყენა იაკოვლევკასა და კოდემას ტერიტორიებს. კოდემასა და ზაიცევის მახლობლად უკრაინელმა დამცველებმა მტრის შეტევის მცდელობა შეაჩერეს. ზაპოროჟიეს მიმართულებით დამპყრობლებმა ტანკებითა და არტილერიით დაბომბეს ჩვენი პოზიციები დოროჟნიანკას, შევჩენკოს, პოლტავკას, ბელოგორიეს და ნოვოპოლის დასახლებების ტერიტორიებზე. საჰაერო დარტყმები განხორციელდა ნოვოპოლსა და ნოვოსელკას მახლობლად," - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გეშტაბის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტუპუნმა.

დღის ამბები