01 მაისი 2024,   00:42
ვრცლად
1 გარდაცვლილი და 4 დაჭრილი - ახალი დეტალები კიკეთში მომხდარი სროლის ფაქტზე

1 გარდაცვლილი და 4 დაჭრილი. კიკეთში სულ ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. როგორც ირკვევა, ერთმა მამაკაცმა 5 ადამიანს ესროლა. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. როგორც ცნობილია, ბრალდებული მეზობლად ცხოვრობდა და არსებული ინფორმაციით, ის მეზობლად მცხოვრებ ოჯახთან თანხის დაბრუნების მოთხოვნით მივიდა, შემდეგ კი 5 ადამიანი დაიჭრა. "კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებულმა 10-ზე მეტჯერ გაისროლა. ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში ტრანსპორტირების დროს გზაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

ადგილობრივები დანაშაულის კონკრეტულ მოტივზე ვერ საუბრობენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, კიკეთში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება ვალს უკავშირდება.

გარდა ამისა, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან საკუთარი ავტომობილით მიიმალა. ავტომანქანა მოგვიანებით სხვა ტერიტორიაზე, ჩაცხრილულ მდგომარეობაში იპოვეს.

რაც შეეხებათ დაჭრილებს, 2 დაჭრილი მამაკაცი და 2 ქალი თბილისში, კლინიკებშია გადმოყვანილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები