26 აპრილი 2024,   22:37
ვრცლად
ყველას გვეშინოდა, გაგიჟებული იყო - მძევლები დღეს უკვე "კურიერთან" იხსენებენ, რა ხდებოდა გუშინ "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალში ​

"საქართველოს ბანკის" წარუმატებელი ძარცვის და წარმატებული სპეცოპერაციის შემდეგ, ქუთაისური იუმორი სოციალური ქსელების გასართობი გახდა. მთავარი გმირები მძევლები არიან, რომლებიც 9-საათიანი ტყვეობისა და სერიოზული საფრთხის მიუხედავად, არ კარგავდნენ იუმორის გრძნობას და შეირაღებული მძარცველის ფონზე, სელფებსაც კი იღებდნენ. დღეს ისინი უკვე "კურიერს" უყვებიან რა ხდებოდა გუშინ "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალში, დღის 12 საათის შემდეგ.

როგორც აღმოჩნდა, თავდამსხმელს მძევლები უკანა კარიდანაც ეპარებოდნენ. არაპროფესიონალმა მძარცველმა, რომელმაც ულტიმატუმის გასვლის შემდეგ მოთხოვნილი თანხა შეამცირა და მილიონ-ნახევარზე ჩამოვიდა, ისიც კი არ იცოდა, რომ ბანკს ალტერნატიული გასასვლელი აქვს. მძევლების ნაწილმა შენობა სწორედ ამ კარის მეშვეობით დატოვა. გრიგოლ ნარსიამ მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მძევლების გადათვლა.
პერიოდულად, ის აგრესიული ხდებოდა. მამაკაცების ნაწილს ხელები შეუკრა, ერთი ცოცხალ ფარად გამოიყენა და ერთ-ერთი მძევლის თხოვნით ხელყუმბარა წებოვანი ლენტით ხელზე დააფიქსირა.

"ლიმონკა ჰქონდა ხელში, ჯერ შეხვეული ჰქონდა, მე ვუთხარი არ გაგვიარდესო და სკოჩი დავახვევინე, რომ ხელიდან არ გავარდნოდა, მეთქი არ დაგვღუპო. მერე პოლიციამ რომ დაუწყო შეკითხვები აგრესიული გახდა და მოიხსნა სკოჩიც და ლიმონკა ხელში დაიკავა," - აცხადებს ერთ-ერთი მძევალი.

"ყველას გვეშინოდა, რავიცით რას იზამდა, გაგიჟებული იყო. გარეთ ისროლა, შემოვიდა, კარები მიიხურა, დაგვენახა ჩვენ იარაღით ხელში იყო და ჩანთიდან ამოიღო ეს ლიმონკები და კედელზე მიამაგრა. ამბობდა, თუკი ჩემ მოთხოვნებს არ შეასრულებთ ავაფეთქებო. აეროპორტში უნდოდა ჩასვლა, ვერტალიოტი რომ დახვედროდა, იმის იქით არ ვიცი," - ამბობს ერთ-ერთი მძევალი ვანო ხეცურიანი.

"რისკი იყო რომ რომელიმე ადამიანისთვის იქ რამე მოეწია. პერიოდულად, იქ ძალიან სტრესული სიტუაცია იყო, აგრესიული ხდებოდა პერიოდულად, თანხა რომ არ მოჰქონდათ აგრესიული ხდებოდა," - ამბობს ყოფილი მძევალი.

საქართველოს ბანკზე თავდასხმის საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდნენ მძევლები. ნაწილმა გამოძიებას ინფორმაცია დღესაც მიაწოდა.

დღის ამბები