20 აპრილი 2024,   08:33
ვრცლად
აგრესიული არ იყო, დროდადრო, რაღაც, ტვინშიც ვერ იყო მე მგონი... - ქუთაისის სამხარეო პოლიციაში ყოფილი მძევლების დაბარება გრძელდება

ქუთაისის სამხარეო პოლიციაში ყოფილი მძევლების დაბარება გრძელდება. ერთ-ერთი ყოფილი მძევალი ვანო ხეცურიანი "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის დღეზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

"აგრესიული არ იყო. დროდადრო რაღაც ტვინშიც ვერ იყო მე მგონი... "ლიმონკას" არ უშვებდა ხელს და კარგად ეკავა ხელში და იძახდა არ გამივარდესო. მაშინ ეგ ვთხოვე რომ გადაგაკრავ "სკოჩით," იქნებ არ გაგივარდეს-თქო და გადავაკარით "სკოჩი". მერე როცა ხმაური ატყდა ზემოდან, მოიხსნა ეს, რომ შემოვიდნენ უცებ, ხელის გახსნას ვერ მოვასწრებო. შესაძლებელია ყოფილიყო ბუტაფორია, მაგრამ შესაძლებელია ყოფილიყო ნამდვილი," - განაცხადა ერთ-ერთმა ყოფილმა მძევალმა ვანო ხეცურიანმა.

რაც შეეხება დაკავებული გრიგოლ ნარსიას ადვოკატებს, შესაძლოა, მათ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვონ. ამასთან, ადვოკატები აცხადებენ, რომ დაინტერესდნენ არის თუ არა სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნული დაკავებულის დაზიანებების შესახებ, რომელიც მან დაკავების დროს მიიღო.  

მისი უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ტერორიზმში ბრალდებულს ბანკის შენობა იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობებით ჰქონდა დანაღმული და ის რეალურად საშიში არ იყო. ადვოკატების თქმით, როგორც ნარსია აცხადებს, აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობა საპნის ხსნარისგან იყო დამზადებული.

გრიგოლ ნარსიას საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრის გამო ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წაუყენონ. რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს უკვე სასამართლო გადაწყვეტს. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვს. ამჟამად კი ნარსია ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და მას 5 ადვოკატი იცავს. 

დღის ამბები