საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოსთვის მონიჭებული ევროპული პერსპექტივა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩევლის იზაბელ დუმონის შეხვედრის განსახილველი საკითხები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის მჭიდრო პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და საერთო-ევროპულ ღირებულებებზეა დამყარებული. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ამაყობს, რომ საფრანგეთის სახით ჰყავს სანდო პარტნიორი, რომელთანაც საერთო ინტერესები აქვს.
ირაკლი ღარიბაშვილმა იზაბელ დუმონს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას. ხაზი გაესვა ევროპული პოლიტიკის საკითხებზე მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება საფრანგეთთან თანამშრომლობის გაფართოების იდეის ერთგული არა მხოლოდ უსაფრთხოების სფეროში, არამედ ევროკავშირთან კავშირების გაღრმავების მიმართულებითაც.
განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება. ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი და აღმოსავლეთის პარტნიორობის ელჩი ბრის როკფოი, საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.