სენაკის შუალედურ არჩევნებზე, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატებს იყენებს.
შესაბამისად, ამომრჩეველს თავისუფალ ნებისმიერ რეგისტრატორთან შეუძლია მისვლა და შესაბამისი პროცედურის გავლა. საარჩევნო ადმინისტრაციაში დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგი, ცესკოში მუშაობს კურიერიც.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება.
"კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ვერიფიკაციის აპარატები, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, სამივე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატები.
შესაბამისად, ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეეძლება მისვლა და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლა. შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია სამივე საარჩევნო უბანი. საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ შესაბამისი გადამზადება,"- აცხადებს იოსელიანი.