მორიგი წერილის გამოქვეყნების შემდეგ, "ხალხის ძალის" წევრებმა კომენტარი მედიასთანაც გააკეთეს. ისინი აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, საქართველოსთვის ამერიკის მხრიდან იგეგმებოდა გარკვეული რაოდენობის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემა.
საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ დიპლომატი რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნაწილობრივ გაემიჯნა.
"ვაშაძე არის დაკვეთის ცუდი შემსრულებელი, მაგრამ კარგი მხილებელი, რომ საზოგადოებას კიდევ დაანახა ის რისკები, რაზეც ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია, რომ არის ისტერიული მცდელობა იმისა, რომ ჩაერთოს საქართველო საომარ მოქმედებებში. მან ამ ინფორმაციით პრაქტიკულად გაამჟღავნა ის მცდელობები, რაც თითქოს კულისებში მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ გამოიწვია ელჩის გაბრაზებაც და ელჩის საპასუხო გაბრაზებული პასუხი პრაქტიკულად ვაშაძის მისამართით, მაგრამ ეს პასუხი ვერ ჩაითვლება იმად, რასაც ჩვენ ვითხოვდით, რომ ელჩი გამიჯვნოდა რადიკალური ოპოზიციის ამ მორიგ მცდელობას, რომ ქვეყანა ჩაერთოს საომარ მოქმედებებში," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალის" კიდევ ერთი დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ელჩის მხრიდან არ ყოფილა სრულად უარყოფილი.
"ბატონი ვაშაძის მიერ გაჟღერებული ეს ინფორმაცია არ იქნა მთლიანად უარყოფილი ელჩის მხრიდან. შეიძლება დეტალებში არ ეთანხმებოდა, მარგამ ეს ბევრს არაფერს არ ცვლის, სამწუხაროდ, იმიტომ რომ თავად ეს ფაქტი უკვე არის გარკვეული რისკების შემცველი,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.