ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შესრულდეს 12-ვე პუნქტი, რომელიც შემოთავაზებულია ევროკომისიის მიერ და ზაფხულშიც კი ძალიან ინტენსიურად მუშაობდა პარლამენტი ამ კუთხით, მთლიანად ხელისუფლება და დღეს კიდევ უფრო ინტენსიურია ეს პროცესი. ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად პირნათლად შესრულდება 12-ვე პუნქტი, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.
"რაც შეეხება ნატოს, აქ უფრო რთულად არის ვითარება. ყველა აღიარებს, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის, უბრალოდ თვითონ ნატოში არ არის მომწიფებული კონსენსუსი ამ გადაწყვეტილების შესახებ. იგივე ეხება უკრაინასაც. მათი მხრიდან გაკეთდა განაცხადი ნატოში გაწევრიანების კუთხით, მაგრამ განსხვავებით ევროკავშირში ინტეგრაციისგან, აქ ბევრად უფრო სკეპტიკური იყო თავად ნატოს წარმომადგენელი ქვეყნისა და ლიდერების პოზიცია. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ გვინდა ნატოს წევრობა, დანარჩენი ნატოს გადაწყვეტილების საგანია," - განაცხადა კობახიძემ.