საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, "საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია-თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის" გაიმართა. კონფერენცია მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური პანელები, სადაც მონაწილეებმა განიხილეს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის საკითხები, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არსებული შესაძლებლობები.
"საპატიო კონსულის ინსტიტუტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც ეხმარება ჩვენი ქვეყნის უფრო მეტად წარმოჩენას კონკრეტულ სახელმწიფოში. ვფიქრობ, ძალიან ეფექტურად მუშაობს ჩვენს შემთხვევაში ეს მექანიზმი და ჩვენ გვინდოდა ჩვენი საპატიო კონსულებისთვის კონფერენციის ფორმატში გვესაუბრა მათთან ყველა იმ ძირითად პრიორიტეტებზე, იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, იმ საგარეო პრიორიტეტებზე, რომელიც არის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ აქცენტები გაკეთდა თუ რა მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეკონომიკური თანამშრომლობა იმ კონკრეტულ ქვეყნებთან," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
ყურადღება გამახვილდება სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნეს კონტაქტების და სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის კავშირების გაძლიერებაზე, ასევე საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
"ეს ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ შევიკრიბოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება და მნიშვნელოვანი ინფორმაცია საპატიო კონსულის ინსტიტუტის შესახებ. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფებით, ეს კონფერენცია დაგვეხმარება ამ ტიპის ინსტიტუტის კიდევ უფრო გაძლიერებაში.
მჯერა, რომ ერთად შეგვიძლია პოლონეთსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები და გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა ბიზნეს სექტორში, ასევე კულტურული და სოციალური მიმართულებით. ერთად მივაღწევთ დიდ პროგრესს და კიდევ უფრო გავააქტიურებთ ორმხრივ ურთიერთობებს," - აცხადებს საქართველოს საპატიო კონსული პოლონეთში ვოიჩეხ ადამ ვრობელი.