რუსები მოდიან, ამჯერად არა კალაშნიკოვებით, არამედ სკუტერებით, არა ტანკებით, არამედ ველოსიპედებით. მრავალ კილომეტრიანი რიგები საქართველო რუსეთის საზღვარზე 21 სექტემბრიდან გაჩნდა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და უკრაინაში ომი კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე ყველა რუსულ ოჯახს სახლში მიადგა.
რუსეთის ასი ათასობით მოქალაქისთვის უკრაინაში ომი არა 24 თებერვალს, არამედ 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზაციას გამოქცეული რუსები საქართველოს, ყაზახეთის, ფინეთისა და მონღოლეთის საზღვრებს მიაწყდნენ. კვირის ბოლოს ლარსზე რუსების ნაკადმა იკლო, თუმცა ის, რაც 21 სექტემბრიდან საქართველო-რუსეთის საზღვარზე ხდებოდა არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე კილომეტრიანი რიგები დადგა. თუმცა ბოლო დღეებში საქართველოში შემომსვლელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ექვსი შემომსვლელიდან ხუთი მამაკაცია. ზოგს საქართველოში დარჩენა, ზოგს კი საქართველოს გავლით სხვა ქვეყანაში გადასვლა სურს. საქართველოში შემოსვლა მკაცრად კონტროლდება. უარს ეუბნებიან მათ, ვინც შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხე იყოს.
გრძელი რიგები თავსატეხი მხოლოდ საქართველოსთვის არაა - ასეთი მოცემულობაა ოკუპანტი ქვეყნის კიდევ რამდენიმე სახმელეთო მეზობელთან. მათ შორის ყაზახეთისა და მონღოლეთის საზღვრებზე. რუსებს გასაქცევად დრო ცოტა აქვთ. ოკუპანტი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სამხედრო კომისარიატების მოწყობას გეგმავს. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი მამაკაცებისთვის საზღვრები ჩაიკეტება.
ავტორი: სანდრო კაჭახიძე