15 ნოემბერი 2024,   06:10
ვრცლად
საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - "თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისთვის" დასრულდა

საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენციის - "თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისთვის" ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებმა კულტურული დიპლომატიის შესახებ ისაუბრეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პანელური დისკუსიის მსვლელობისას, საქართველოს საპატიო კონსულებმა ყურადღება გაამახვილეს კულტურული დიპლომატიის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში ამ მიმართულების განვითარებისთვის არსებულ პერსპექტივებზე.

"ხაზგასმით აღინიშნა ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების გამოყენების აუცილებლობა, მათ შორის მსოფლიოს მასშტაბით ქართული ენის, როგორც ქართველი ხალხის იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაჩვენებლის პოპულარიზაცია; ასევე ქართული კინოს წარდგენა საერთაშორისო აუდიტორიისთვის; თბილისის სხვადასხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიების გამართვის პლატფორმად გამოყენება.

მონაწილეებმა ისაუბრეს კულტურული დიპლომატიის განვითარების კუთხით, საქართველოში არსებულ მაღალ პოტენციალზეც.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს 64 ქვეყანაში, 85 საპატიო კონსული ჰყავს.

საპატიო კონსულის ინსტიტუტის მიზანია, წარმდგენი ქვეყნის შესახებ მიმღებ სახელმწიფოში ცნობიერების ამაღლება და მისი პოპულარიზაცია, ასევე ადგილსამყოფელ ქვეყანაში მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება სავაჭრო, საინვესტიციო, ტურიზმის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. წარმდგენი ქვეყნის საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები