15 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
დეოლიგარქიზაციის კანონი ფუჭი ძალისხმევაა, უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა და მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის - ალეკო ელისაშვილი

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უკრაინული მოდელით შემუშავდება. ეს გადაწყვეტილება მიიღო დღეს სამუშაო ჯგუფმა, რომელმაც პარლამენტში შეხვედრა გამართა. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ უკრაინული მოდელის გადმოტანა ქართულ რეალობაში არაადეკვატურია, რადგან პრობლემა გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებაშია.

"ევროკავშირის შესვლის სურვილის გამო, ჩვენ მზად ვართ, რომ მექანიკურად შევასრულოთ რაღაც პუნქტები. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ღიად ვილაპარაკოთ, რა  პრობლემა გვჭირს. ეს კონკრეტული კანონი არის ადამიანის უფლებების შემზღუდველი- ეს არათუ დაგვეხმარება, რომ გავხდეთ ევროპული ქვეყანა, არამედ პირიქით დაგვაშორებს ევროპულ საზოგადოებას,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი. 

ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ფუჭი ძალისხმევაა. ალეკო ელისაშვილი იმასაც ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ძირეულ ცვლილებებს არ გამოიწვევს. 

"მიმაჩნია, რომ  ძალიან ფუჭი ძალისხმევა არის ამ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება. ეს უკრაინული კანონი კაპიკად არე ვარგა  და იმის გადმოტანაც აქ არაფერს არ შეცვლის. ლოგიკა, რომ სხვა პრეცედენტი არ გვაქვს და ერთადერთი პრეცედენტი უკრაინაა და იმის გადმოტანა ლოგიკურია, მაგრამ ეს არაფერს არ შეცვლის გარდა იმისა, რომ რამდენიმე მდიდარი ადამიანის ოლიგარქად აღიარება მოხდება. პირველ რიგში ოპოზიციას, რომ აფინანსებენ და ოპოზიციაში, რომ არიან იმ მდიდრების და მეტი არაფერი არ შეიცვლება,"-აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

კოლეგების მსგავსად დეოლიგარქიზაციის უკრაინულ მოდელს უარყოფითად აფასებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეც. იგი აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის მიღებით საქართველო კანდიდატის სტატუს ვერ მიიღებს. 

"ეს კანონი, რომელიც ახლა უნდა მიიღონ პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუს არ მოგვცემენ. მომიყვანონ ერთი ევროპელი ექსპერტი მაინც, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ მიერ ინიციირებული კანონი შეესაბამება 12 პუნქტის ჩადებულ დეოლიგარქიზაციის საკითხს,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

უმრავლესობის განცხადებით კი, განსხვავება იქნება მხოლოდ ის, თუ ვინ აღიარებს პირს ოლიგარქად, უკრაინაში ამას წყვეტს პრეზიდენტს დაქვემდებარებული საბჭო, საქართველოს შემთხვევაში კი ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს. პირს საქმის გასაჩივრება სასამართლოში შეეძლება. მმართველი გუნდი ამბობს იმასაც, რომ უკრაინულ მოდელს ევროკომისიის დადებითი შეფასება აქვს.

დღის ამბები