საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც 21 მლრდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება, ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული.
"ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული. ზოგადად, როცა წლის დასასრულს, 10%-იანი ზრდა გვქონდა, 8 თვეში უკვე 10.3% გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკის დონე უფრო მაღლა არის, ვიდრე 6%-იანი ზრდის შემთხვევაში.
რაც შეეხება დეფიციტის კუთხით, ჩვენ უკვე საკანონმდებლო დონეზეც გვიწევს შევამციროთ ბიუჯეტის დეფიციტი და ჩამოვიდეთ 3.3%-ზე დაბლა - 2.8%-ით არის წარმოდგენილი. რატომ ხდება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება და ვალის შემცირება, ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი პარამეტრები ჩვენი გრძელვადიანი განვითარებისთვის," - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
როგორც მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, მომდევნო მთავარი საფინანსო დოკუმენტი ორიენტირებულია სოციალური საკითხების მოგვარებაზე. ბიუჯეტის პროექტი ამ წუთებში ბიუროზე გადის.
დოკუმენტში დაფინანსება თითქმის ყველა უწყებისთვის გაზრდილია, მათ შორის ეს ეხება ძალოვან სტრუქტურებს, პარლამენტს, სახალხო დამცველის აპარატსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნებს შეიმუშავებს და მას უკან მთავრობას გადაუგზავნის.
ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტში არსებულ ზედმეტ ხარჯებსა და დეფიციტზე ამახვილებს ყურადღებას.
"ხელფასების ზრდა არის იმაზე ნაკლები, ვიდრე ფასების ზრდა. რეალურად ამ ზრდის შედეგადაც კი მოსახლეობა ღარიბდება. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ოფიციალური ინფლაცია იყო 25%, ხოლო იმ პროდუქტების 80%, რაზეც ჩვენი მოქალაქეები ხარჯავენ გაიზარდა 30-40%-ით," - განაცხადა ენმ-ის წევრმა რომან გოცირიძემ.