მთავრობის წევრებმა დღეს გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ისაუბრეს, თუ რა მიმართულებით დაიხარჯება თანხები მას შემდეგ, რაც ბიუჯეტში ცვლილებები შევა.
"ზრდა გვაქვს ფაქტობრივად ყველა მიმართულებით ყველა იმ პროგრამაში, როგორიც არის შეღავათიანი აგროკრედიტები, "დანერგე მომავალი", გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების მიმართულება, ასევე აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით. ვაგრძელებთ ტექნიკის თანადაფინანსებას და 10 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული ამ პროგრამის ფარგლებში. იზრდება გარემოს დაცვის მიმართულებით ბიუჯეტი. მთლიანობაში, შარშანდელ წელთან შედარებით დაახლოებით 18%-იანი ზრდა არის ამ ნაწილში," – აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ ცვლილებების თანახმად, სოციალური მიმართულებით გამოყოფილი თანხა დაახლოებით 700 მილიონით იზრდება.
"დაახლოებით 700 მილიონით იზრდება სოციალური მიმართულებით, ინდექსაცია კეთდება პენსიების და სოციალური დახმარებების, ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა ჯანდაცვის მიმართულებითაც როგორც საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მიმართულებით, ასევე სხვადასხვა ჯანდაცვასთან დაკავშირებული მიმართულებით. იმდენად კარგი ეკონომიკური ზრდა და შედეგები გვაქვს, რომ ეს მობილიზებული თანხები სრულად არის საკმარისი უკვე დღევანდელი პროგნოზით შემდეგი წლისთვის, ყველა ამ პროგრამის წარმატებით დასაფინანსებლად," - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.