15 ნოემბერი 2024,   06:11
ვრცლად
მზად ვართ კომპრომისისთვის, მაგრამ თუ „ჩაბჟირდებიან“ კანდიდატზე, რომელიც უფლებადამცველად იწოდებოდა და პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდა, ალბათ, არ იმსაუხრებს სახალხო დამცველობას - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით საუბრობს.

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს იყო უიშვიათესი პრეცენდენტი, როცა იმდენად გამჭვირვალედ მოხდა ომბუდსმენის კანდიდატების შემფასებელი 9 კაციანი ჯგუფის დაკომპლექტება, რომ "რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენლებმაც ვერ ამოიღეს ხმა.

"ეს იყო ის უიშვიათესი პრეცედენტი და ჩემთვისაც გასაკვირი, როცა ჩვენი "რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენლებმაც კი ხმა ვერ ამოიღეს იმდენად სწორად, გამჭვირვალედ და "ზესამართლიანად" დაკომპლექტდა 9 კაციანი ჯგუფი, რომელიც ქულათა სისტემით ომბუდსმენობის კანდიდატებს შეაფასებს და შემდეგ ამ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტს მიაწვდის. რადგან ამ პროცესმა ასე კარგად ჩაიარა, მე იმედი მაქვს, რომ შეფასებების გათვალისწინებით, სხვა ობიექტური კრიტერიუმებისა და მოცემულობის გათვალისწინებით იქნებ შევძლოთ, რომ ევრო რეკომენდაციის მე-12 პუნქტი არ ჩაგვივარდეს და იქნებ შევძლოთ, რომ ჩვენ საერთო კანდიდატზე შევჯერდეთ. იქნება რთული, იმიტომ რომ ულტიმატუმების ჩანასახი აქაც არის.

ჩვენ მზად ვართ კომპრომისისათვის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვინდა ევრო რეკომენდაციის რომელიმე პუნქტი ჩავარდეს. აქაც მინდა, რომ ზედმიწევნით სწორად წავიდეთ, შევასრულოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და შეიძლება ცოტა მეტი, მაგრამ კომპრომისის ხარისხსაც გააჩნია. თუ მაგალითად, მაინცდამაინც უკაცრავად გამოთქმისთვის, "ჩაბჟირდებიან" კანდიდატზე, რომელიც თავის დროზე უფლებათა დამცველად იწოდებოდა და პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდა, ასეთი ადამიანი ალბათ, არ იმსახურებს არც კომპრომისულ შეთანხმებას მის კანდიდატურასთან დაკავშირებით და არც სახალხო დამცველობას და ვერც შეძლებს," - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები