15 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
"ხალხის ძალის" გაფართოებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა - ოპოზიცია პოლიტიკური მოძრაობის ანტიდასავლურ რიტორიკას ქვეყნისთვის დამაზიანებელს უწოდებს

"ხალხის ძალის" გაფართოებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის შეფასებით, "ხალხის ძალა" "ქართული ოცნების" პოლიტიკას ატარებს და მათ შორის განსხვავება არ არსებობს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარია მოძრაობის სამომავლო გეგმები.

"ხალხის ძალის" რიტორიკას ქვეყნისთვის დამაზიანებელს და ცეცხლთან თამაშს უწოდებს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

"ანტიდასავლური რიტორიკა, ჩვენი გულითადი მეგობარი სახელმწიფოების ლანძღვა ისე, როგორც დაიწყო ამ ოთხეულმა და ახლა რომ უნდათ, რომ გაფართოვდნენ და უფრო მრავალხმიანად ლანძღონ, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი და არის ცეცხლთან თამაში," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით, "ქართული ოცნებიდან" წევრების გამოყოფა თამაშის ნაწილია.

"რაღაც ფორმალურად თამაშობდნენ, ვითომ ერთი ნაწილი - "ქართული ოცნების" სახით, პროევროპულები და გამოყოფილები ანტიდასავლური, ანტიუკრაინული, ანტიქართული და პრორუსული. დღეს ფრაქციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა და რომ შენარჩუნდეს საპარლამენტო უმრავლესობა, საჭიროა, უკვე მათი ხელახალი გაერთიანება," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ "ხალხის ძალა" "ქართული ოცნების" რეალური სახეა.

"მე ვურჩევ "ქართულ ოცნებას" მოეშვას ამ ფარისევლურ თამაშს, რომ თითქოს ევროპაში მიდის, თითქოს ევროპულად არიან განწყობილები და ყველა გადმოსხდეს გურამ მაჭარაშვილის გვერდით. ეს არის მათი რეალური სახე. უკეთესიც არის, დავინახავთ რამდენი არიან, ვინ არიან და მივუჩენთ საკადრის ადგილს," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

"ხალხის ძალას" ახალი წევრები შეემატნენ. მმართველი პარტია დატოვა და მოძრაობას შეუერთდა "ქართული ოცნების" 5 წევრი, პარლამენტის დეპუტატები ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე.  მოძრაობა "ხალხის ძალა" საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათ რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი ეყოლებათ.

ასევე მოძრაობა "ხალხის ძალას" შეუერთდნენ ექსპერტები თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.

 
დღის ამბები