გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა კომისიის თავმჯდომარემ - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, თანათავმჯდომარემ - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა გახსნეს. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომისიის 25-ე სხდომის დღის წესრიგის თანახმად, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარების გაწევისა და სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე. ასევე, შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების, მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო ქმედებათა კონკრეტული გეგმების განხილვა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სულ, დასრულდა და მიმდინარეობს 168 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 76,2 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორისაა, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ისე წყალმომარაგების სისტემების მოწყობის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები.
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, მათი მხარდაჭერის და ამ მიმართულებით კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სწორედ გამყოფი ხაზების სიახლოვეს მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს.
თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც კომისიის საქმიანობის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან ხორციელდება: გაზიფიკაციის, წყლით მომარაგების, განათლების დაფინანსების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის მხარდაჭერის, კულტურის და სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამ სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება არის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც, როგორც საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინება.
"გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა, ბუნებრივია, რჩება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ამ კუთხით, მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენ განვაგრძობთ ინტენსიურ კომუნიკაციას საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობასთან, მათ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან, ამ ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევების გამოვლენისა და შესაბამისს სახელმწიფო სამსახურებთან ერთად, მათი მოგვარების კონკრეტულ გზებზე მსჯელობის მიზნით. დღევანდელ სხდომაზე კომისიამ მოისმინა გასული წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, დასახა კონკრეტული ქმედებათა შემდგომი გეგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოფელ ზარდიაანთკარში ომით დაზიანებული სახლების აღდგენასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილებები გამყოფი ხაზის მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფის ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე, ისევე როგორც სტუდენტებისთვის 2022-23 სასწავლო წლის უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ.
საქართველოს მთავრობა, 2013 წლიდან შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, განაგრძობს ერთიან ძალისხმევას აღნიშნული სოფლების მოსახლეობის მხარდაჭერისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების ეტაპობრივი მოგვარების მიზნით," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.