15 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას ბიზნესს, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს - ირაკლი ღარიბაშვილი 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, სადაც მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას ბიზნესს და ეს ყოველთვის ასე იქნება. 

მისი თქმით, ბიზნესი არის თავისუფალი აბსოლუტურად. 

"მე მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, ჩვენ საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს და გვქონდა ყოველთვის ბიზნესთან. ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას ბიზნესს, ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს, ბიზნესი არის თავისუფალი აბსოლუტურად, შემთხვევითი არ არის ის, რომ მას შემდეგ რაც დავიწყეთ აქტიური მუშაობა და გავხსენით ქვეყანა პანდემიის შემდეგ, ბიზნესმა დაიჯერა ჩვენი პოლიტიკის, ბიზნესი გამოგვყვა და ჩვენ შარშან მივიღეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, რომ საგრძნობლად არის გაზრდილი, თითქმის 30%-ით მთელი ბიზნესის ბრუნვა. თუ არ ვცდები, 150 მილიარდ ლარამდეა ასული. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ 2020 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი, იყო 50 მილიარდი ლარი. 2023 წლის იანვრისთვის, მომავალ წელს, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 80 მილიარდი. სულ რაღაც 2 წელიწადში, 30 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ეს არის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 7 ათას 500 დოლარი გახდება, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ძალიან სასიხარულო.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ბიზნესთან ახალ ინიციატივებზე, პროგრამებზე, პროექტებზე. მთავრობამ წარუდგინა ჩვენი ხედვა, თუ როგორ გვესახება კიდევ უფრო მეტად გააქტიურება, ჩვენ შევთანხმდით მთელ რიგ ახალ ინიციატივებზე, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ. მთავრობა უსმენს ბიზნესს და ერთ-ერთი მაგალითი, რაც მინდა რომ შეგახსენოთ, არის შემდეგი, რომ მე შარშან დეკემბერში შევხვდი ფარმაცევტულ ბიზნესს. ამ შეხვედრამდე თვეების წინ დაწყებული გვქონდა მუშაობა მედიკამენტების ფასებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა. მაშინ, როგორც კი მოვისმინე ეს წუხილი და პრობლემები, მე ვუთხარი ბიზნესს, რომ ეს იყო მოსაგვარებელი. მაშინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და გავხსენით თურქეთის ბაზარი. ძალიან სკეპტიკურად იყო ბევრი განწყობილი, მაგრამ შედეგი არის შემდეგი - სულ რაღაც რამდენიმე თვეში 70-80 მილიონი ლარი დაზოგა ჩვენმა მოსახლეობამ და წლის ბოლომდე 200 მილიონს დაზოგავს ამ ერთი გადაწყვეტილებით,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები