ოპოზიცია ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს, რომ მან 2012 წლის პირველ ოქტომბერს დაასრულა დიქტატურა, ადამიანების ჩაგვრა, ქვეყნის განადგურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას მოუწევს ამ რეალობასთან შეგუება.
"მინდა ვთქვა, რომ მათ მოუწევთ შეგუება ამ რეალობასთან, დღეს ქვეყანაში გვაქვს წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ყველა მიღწევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წარმატებას ევროკავშირის გზაზე თუ ნატო-ს მიმართულებით, ყველაფერი უკავშირდება "ქართულ ოცნებას", იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა. ახლა უკვე ოფიციალურად შეტანილი განაცხადი წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა, რომელზეც უბრალოდ ვერ ვიოცნებებდით "ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ჩვენ ძალიან ბევრი ოლიგარქი და ოლიგარქიისკენ მიდრეკილი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი ვიცით, ჩვენ ავიღეთ უკრაინული მოდელი, რომელიც არის მოწონებული ევროკავშირის მიერ და ამ კანონს მივიღებთ," – განაცხადა ღარიბაშვილმა.