პარლამენტი საარჩევნო რეფორმას განიხილავს - დღეს პირველი მოსმენაა. ცვლილებები კანონმდებლებს უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ გააცნო.
ცვლილების მიხედვით, ქვეყანაში მომდევნო არჩევნები ელექტრონულად უნდა ჩატარდეს. ამომრჩევლის სულ მცირე 70 პროცენტი ხმას ახალი წესით მისცემს.
"ჩვენი მოსახლეობის სულ მცირე 70% იქნება ჩართული იმ საარჩევნო სისტემაში, რომლითაც ელექტრონული საშუალებებით ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აპრიორი 70% იქნება. 2024 წლამდე არის საკმარისი დრო და ჩვენ ვნახავთ რა შესაძლებლობები არსებობს იმისთვის, რომ ეს პროცენტი გაიზარდოს. ამასთან, დარჩენილ 30% ამომრჩეველთან მიმართებაში ჩვენ ასევე შემოგვაქვს ინოვაცია. ყველა იმ უბანში, სადაც ტრადიციული მეთოდით ჩატარდება არჩევნები, ყველა ის ბიულეტენი, რომელიც განთავსდება საარჩევნო ყუთში და გამოყენებული იქნება, მოხდება მათი გაციფრულება მაღალტექნოლოგიური სკანერისა თუ ფოტოაპარატის მეშვეობით.
ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე მივიღეთ გადაწვეტილება, რაც არის ასახული მოქმედ კანონპროექტში, რომ ეს ჯარიმა განისაზღვროს არანაკლებ 2 000 და არაუმეტეს 4 000 ლარისა," - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ.
ამ წუთებში დეპუტატები კითხვა-პასუხის რეჟიმზე არიან გადასულები.
ოპოზიციის კითხვები ძირითადად ეხებოდა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ნაწილს და ემიგრანტების ჩართულობას. ოპოზიციის წევრები დაინტერესდნენ, როგორ მოხდება ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა.