კელი დეგნანი ხელისუფლების გზავნილებით დაბნეულია. აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს აწუხებს "ქართული ოცნების" მზაობა, ითანამშრომლოს "ხალხის ძალასთან", რომელიც მუდმივად აკრიტიკებს ელჩს და ამავე დროს აკეთოს განცხადებები სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.
ელჩს დღეს არ დაუკონკრეტებია ვინ უთხრის ძირს ამ პარტნიორობას, თუმცა გასაგები მინიშნებები მაინც გააკეთა.
იმაში, რაც ამერიკელი დიპლომატისთვის დამაბნეველია, პრობლემას ვერ ხედავს ვერც "ქართული ოცნება" და ვერც მისგან წასული დეპუტაცია. ორივეს სწყინს კელი დეგნანის მიერ უპასუხოდ დატოვებული კითხვები. "ხალხის ძალისთვის" კი გაუგებარია, რა არის გაუგებარი შეერთებული შტატების ელჩისთვის. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ერთადერთი, რაზეც ისინი ძველ თანაგუნდელებთან ვერ თანხმდებიან, გარკვეულ საკითხებზე საჯაროდ საუბარია. დიპლომატმა დღეს კომენტარი დეოლიგარქიზაციაზეც გააკეთა, რის გამოც ის კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის სამიზნე.
უცვლელია ოპოზიციის დამოკიდებულება, სადაც ამბობენ, რომ მმართველ პარტიასა და "ხალხის ძალას" შორის განსხვავებას ვერ ხედავენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებები და პოზიციები ქვეყნისთვის საზიანოა.