ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის ფარგლებში, საარჩევნო რეფორმა ერთ-ერთი პირველია, რომლის განხილვაც პარლამენტმა უკვე დაიწყო. პროექტის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 70 პროცენტი ან მეტი, ელექტრონულად დაითვლება, დანარჩენ ნაწილში კი ბიულეტინის გაციფრულება იგეგმება. ეს ერთადერთი ცვლილება არ არის, რომელიც საარჩევნო კოდექსში შევა.
საარჩევნო რეფორმას მხარი არ დაუჭირეს "ნაციონალური მოძრაობის", "სტრატეგია აღმაშენებელისა" და "ლელოს" წევრებმა და მიზეზად პროექტის სისუსტე დაასახელეს. ოპოზიციის ამ ნაწილს საკუთარი ვერსია აქვს მზად და ითხოვენ, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ პროექტთან ერთად მათი დოკუმენტის განხილვაც მოხდეს.
სახელისუფლებო გუნდი, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც ერთობლივ მუშაობაზე უარი თქვა, კანონპროექტის მეორე მოსმენამდე პოზიციის გადახედვას სთავაზობს. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ ოპონენტების გარკვეულ ნაწილს ცვლილებების საკუთარ პოლიტიკურ ინტერესზე მორგება უნდა.
კონკრეტული წინადადებების გაზიარებისკენ მმართველ პარტიას დღეს იმ ოპოზიციის ნაწილმაც მოუწოდა, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში სახელისუფლებო გუნდთან ერთად მუშაობდა. მათი წინადადებაა, რომ კანონმა 2024 წლის არჩევნებში ემიგრანტების მაქსიმალურად ჩართვა უზრუნველყოს.
რამდენიმესაათიანი განხილვის ბოლოს, მმართველმა პარტიამ ოპონენტებს ახალი ინიციატივითაც მიმართა. მამუკა მდინარაძის წინადადებაა, კანონპროექტში საარჩევნო უბნებში დისბალანსის პრობლემის აღმოფხვრის ძლიერი მექანიზმი გაიწეროს.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შესასწავლად მომავალი კვირისთვის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.