ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილისა და "კრედიტ სუისის" დავის დეტალებზე საუბრობს.
მდინარაძის ინფორმაციით, ივანიშვილმა უარი თქვა 2 მილიარდის გარანტირებულად დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებებზე, რადგან საქართველოსთვის რისკები არ შექმნილიყო.
"როდესაც საუბარი შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში უნდა ჩამოსულიყო გარიგებისა და მოლაპარაკებისთვის [ბანკის] იურისტი და ის გარიგების შედეგად სთავაზობდა [ივანიშვილს] 2 მილიარდი დოლარის გარანტირებულად დაბრუნებას, ამ კაცმა საუბარზეც კი უარი თქვა, წარმოიდგინეთ. ერთი ჩვენ კოლეგა ხუმრობდა წინა დღეებში, 100-ლარიანი ჩამიყლაპა ბანკომატმა და 3 დღე ვლანძღავდი ბანკსო. წარმოიდგინეთ, ეს ემოციური მომენტიც, ადამიანური მომენტიც არის. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადამიანი საერთოდ უარს ამბობს ისაუბროს გარანტირებულად 2 მილიარდი დოლარის დაბრუნებაზე, ოღონდ რაღაც რისკის ქვეშ არ დადგეს საქართველოს ინტერესი, მე მგონი ამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და იმაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, როგორ მოერგოს რამენაირად ბიძინა ივანიშვილს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, იმიტომ რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მოუნდებათ ასე. იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, სად არის სიმართლე და რას აკეთებს ის კაცი იმისთვის, რომ საერთოდ არ ილაპარაკოს პოლიტიკურ კონტექსტზე," - განაცხადა მდინარაძემ.