შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბონი ჯენკინსის განცხადებას, აშშ-ის ელჩზე და საელჩოზე თავდასხმების და დეზინფორმაციის შესახებ, მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა.
მაჭარაშვილის თქმით, ის რომ დეპუტატმა დასვა შეკითხვები, მათ შორის ელჩის მიმართ, ეს თავდასხმას არ ნიშნავს.
"ის რომ ხალხის მიერ არჩეულმა დეპუტატმა დასვა შეკითხვები, მათ შორის ელჩის მიმართ, ეს არ არის თავდასხმები, ქართულმა საზოგადოებამ ეს კარგად გაიგო. თუ ვინმესთვის პრობლემაა კითხვა შეიძლება დაისვას თუ არა ელჩის მიმართ, ეს არის მათი პრობლემა. შინაარსში ვერავინ ვერ შეგვეწინააღმდეგა, ამიტომ ახლა ფიქრობენ ეს რაღაცნაირად მონათლონ, შეფუთონ ვითონ თავდასხმად, ვითომ ანტიამერიკულად, მაგრამ რეალურად საზოგადოება ამას ხედავს. ეს არის პროქართული შეკითხვა, პროქართული წერილები და განცხადებები," - განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ უაღრესად შემაშფოთებელია თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე და ეს ნაწილია დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დამალვისკენ ევროპის კრიზისის ირგვლივ.