15 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
ივანიშვილმა განაცხადა, რომ არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს ქვეყნის რისკის ქვეშ დაყენებას, არავითარი თანხის სანაცვლოდ - ირაკლი კობახიძე

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის წერილი მმართველ გუნდში შეაფასეს. მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ბევრი საგულისხმო დეტალი გამოიკვეთა და ეს ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა რეალურად ნებისმიერი სახის ფინანსური ინტერესი, შეთავაზების მიუხედავად, გვერდზე გადადო ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილისა და "კრედიტ სუისის" დავის დეტალებზე ვრცლად საუბრობს.

"ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა უთხრა უარი ყოველგვარ კომუნიკაციაზე სააკაშვილს. ეს იყო 7 ნოემბრის შემდგომი მოვლენები, ეს იყო "იმედში" შეჭრის პერიოდი და მაშინ გაწყდა რეალურად კავშირი ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით. ამას რომ ემთხვევა ანგარიშის ძარცვის დაწყება, ეს მინიშნება არის ლეგიტიმური. ზოგადად, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ამ თემის გარშემო, მათ შორის ის რომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა მხოლოდ ადამიანს, რომელიც მილიარდ-ნახევარი დოლარის მოპარვაში იყო ბრალდებული, შემდეგ ვადაზე ადრე ათავისუფლებენ, შემდეგ საეჭვო გარემოებებში იპოვეს ადამიანი ტყეში ჩამომხრჩვალი, ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო.

2008 წლიდან დაიწყო ანგარიშის ძარცვა. "საუკუნის ძარცვა" უწოდა ერთ-ერთმა ექსპერტმა და ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური შეფასებაა და ამ პირობებში კიდევ უფრო საინტერესო ის არის რომ ბანკი აგრძელებს დავას, რაც მართლა გამაოგნებელია.

ბიძინა ივანიშვილსაც ჰქონდა ამაზე მინიშნება თავის წერილში. მან თქვა, რომ აქ არის პირდაპირი პოლიტიკური შანტაჟის ნიშნები და ეს ყველაფერი უკავშირდება ალბათ იმ მოვლენებს, რომლებიც დღეს ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენთვის ეს რა კუთხით არის საინტერესო, თუ ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ იმ ნაბიჯების გამო, რომელსაც ხელისუფლება დგამს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი განსაკუთრებული შეშფოთების საგანი უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ ნაბიჯებზე, მაგრამ თვითონ ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა თავის წერილში რომ არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს ქვეყნის რისკის ქვეშ დაყენებას, არავითარი თანხის სანაცვლოდ, მათ შორის, ომის საფრთხეზე იყო საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ეს საგულისხმო მინიშნებაა, ანუ ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად განვაგრძოთ ზრუნვა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "კურიერთან".

ცნობისთვის, ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ "სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება სულ მალე გამოცხადდება და ძალიან მაღალი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილი, ბერმუდის საქმის მსგავსად, ამ "კრედიტ სუისის" დავასაც მოიგებს, რაც სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება." შათირიშვილის თქმით, გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი არ გადააყოლა ივანიშვილის ფულს ქვეყანა, არამედ ივანიშვილმა გადააყოლა ქვეყანას თავისი ფული. შათირიშვილის განცხადებით, კრედიტ სუისის" წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის დავის გარშემო ახალი საინტერესო დეტალები ხდება ცნობილი.

დღის ამბები