პარლამენტში ლევან დავითაშვილს უსმენენ- ეკონომიკის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში იმყოფება. ის დეპუტატებს ანგარიშს აცნობს, დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, საგარეო ვაჭრობაზე, ტურიზმზე, ინვესტიციების მოცულობაზე, ინფლაციაზე, თუ რა არის ინფლაციის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორები, ასევე, სიღარიბის მაჩვენებელზე, საპენსიო რეფორმასა და ენერგო დამოუკიდებლობაზე.
"პანდემიის პარალელურად რუსეთ-უკრაინის ომმა და დაძაბულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ რეგიონში, პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი ჩვენი ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად შეცვალა ეკონომიკურ პოლიტიკის ორიენტირი, რათა არსებული გამოწვევების კვალდაკვალ მოგვეხდინა ადეკვატური რეაგირება და მომხდარიყო ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ, გამოწვევების მიუხედავად, შეძლო როგორც ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, ისე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის გაგრძელება,"-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-ი შეადგინა. მისივე თქმით, 2022-2027 წლებში საქართველოს ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპის ქვეყნებს შორის, რომელიც საშუალოდ 5.6%-ს გაუტოლდება.
"ეკონომიკაში დაფიქსირებულ ძირითად ტენდენციებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ 2022 წელს საქართველოს ექნება იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ვიდრე ამას, კრიზისის დასაწყისში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ - საქართველოს მთავრობის საბაზო პროგნოზით 2022 წელს მოსალოდნელია 8.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, თუმცა შედარებით ოპტიმისტური პროგნოზები აქვთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2022 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 2022-2027 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის და საშუალოდ 5.6%-ს გაუტოლდება,"-აცხადებს დავითაშვილი.
მინსტრმა, მინისტრის საათის ფორმატში ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა, 2019 წლის პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს გადააჭარბა.
"ტურიზმის აღდგენის ტენდენციები საკმაოდ დადებითია. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები თითქმის 95%-ით აღდგა. ჩვენ 2,1 მილიარდი დოლარი მივიღეთ ტურიზმიდან შემოსავლები. ივლისში და აგვისტოში ტურიზმის შემოსავლებმა პანდემიამდე 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა. ეს უყო ტურიზმის შემოსავლების რეკორდული წელი,"-აცხადებს ლევან დავითაშვილი.
მოხსენების შემდეგ დარბაზში იქნება კითხვები. ოპოზიციას აინტერესებს მოქალაქეების შემოსავლები
სურსათის და პროდუქტების ფასებთან მიმართებაში, ინფლაცია და საბიუჯეტო ხარჯები. უმრავლესობა აცხადებს, რომ საქართველოს დადებითი ეკონომიკური მაჩვენებლები დაადასტურეს საერთაშორისო პარტნიორებმაც. მათი მთავარი კითხვაც ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას შეეხება.