15 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
მოუთმენლად ველი გავაჟღერო ძლიერი მხარდაჭერის გზავნილი ვაშინგტონიდან იმ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ახორციელებს - ბონი ჯენკინსი

პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრისას ბონი ჯენკინსის მთავარი სათქმელიც სწორედ ეს იქნება. სახელმწიფო მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ ბოლო დროს საელჩოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემის ნაწილია.

"შეხვედრების განმავლობაში მე მოუთმენლად ველი, რომ გავაჟღერო ძლიერი მხარდაჭერის გზავნილი ვაშინგტონიდან იმ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ახორციელებს საქართველოში იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს და წინ წაწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, თუმცა ეს ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე, რაც ვიხილეთ. მოდით, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისა და დამალვისკენ. ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა! ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის დააფასებს და მხარს დაუჭერს უკრაინას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც ჩვენ ვუჭერთ მხარს და ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - აცხადებს შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი.

იმას, რასაც ვაშინგტონი საქართველოში მის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე თავდასხმად აღიქვამს, არ იზიარებენ ამერიკის ელჩის მიმართ კრიტიკის ავტორები. "ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ მათ საელჩოს კონკრეტული შეკითხვებით მიმართეს.

მმართველ პარტიაში ოპონენტების განცხადებებს იხსენებენ და ამბობენ, რომ სწორედ მათი შეფასებები იყო ამერიკელი დიპლომატის წინააღმდეგ მიმართული.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის "ქართული ოცნების" პოზიცია საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობაა. მათი თქმით პარტნიორებთან ურთიერთობას "ხალხის ძალის" წევრები აზიანებენ.

"ქართული ოცნება" არსებულ ვითარებაში გამოსავალს მხოლოდ ერთი მიმართულებით ხედავს, სახელისუფლებო გუნდი ყველასგან მეტ კონკრეტიკას ითხოვს. ამბობენ, რომ ეს მიდგომა კითხვებსაც ამოწურავდა და სპეკულაციისთვის სივრცეც არ დარჩებოდა.

საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე საუბარი იმ შეხვედრებზე გაგრძელდება, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი პოლიტიკურ პარტიებთან გამართავს.

 

 

დღის ამბები