15 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
მოულოდნელად გააქტიურებული ყოფილი მმართველი პარტიის მაღალჩინოსანი - სოსო თოფურიძე "ნაციონალური მოძრაობის" შიდა გარჩევებში ჩაერთო

რა უჯდება "ნაციონალურ მოძრაობას" ნიკა მელიას შენახვა - ამ კითხვას კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო თოფურიძე საჯაროდ სვამს და პასუხს თავადვე სცემს. ის ხარჯებთან დაკავშირებულ კონკრეტულ ინფორმაციას და მის დამადასტურებელ ე.წ სქრინებსაც აქვეყნებს, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და მისი დაცვის ხელფასებს, ასევე უცხოეთში ვიზიტისა და საწვავის ხარჯებს. ყოფილი მაღალჩინოსანი ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს და თვლის რომ პარტიის თავმჯდომარის მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გათავისუფლება გამოსავალი არ არის და საჭიროა სამართლებრივი რეაგირებაც.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს სოსო თოფურიძეზე საუბარი არ სურდათ, თუმცა მის ფეისბუქ პოსტს მოგვიანებით სპეციალური განცხადებით უპასუხეს. პარტია განმარტავს რომ მათი ფინანსები არის ღია და გამჭვირვალე და რომ ნიკა მელიას ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია ყალბია. მიზანი კი პარტიისა და მისი ლიდერების დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

დღის ბოლოს განცხადება თავად ნიკა მელიამაც გაავრცელა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ხარჯებთან დაკავშირებით მასზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო. თქვა, რომ პარტიაში ხელფასს საერთოდ არ იღებს და მისი გადაადგილება და საზღვარგარეთ ვიზიტები პარტიული ხარჯებით არასდროს დაფინანსებულა.

სოსო თოფურიძის საჯარო განცხადება მმართველი გუნდისთვის "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული კრიზისისა და შიდადაპირისპირების კიდევ ერთი მტკიცებულებაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა არაკანონიერი ფინანსების განაწილებასა და ხარჯვაში უკვე პარტიის თავმჯდომარე ამხილა.

სოსო თოფურიძემ საქართველო 10 წლის წინ დატოვა. კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი ორი ინსტანციის სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე დამნაშავედ ცნო. ის ახლა ბულგარეთს აფარებს თავს.

დღის ამბები