საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
შეხვედრისას პრემიერმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
ამ მიზნით, საქართველო მყისიერად შეუდგა ევროკომისიის მიერ იდენტიფიცირებული 12 პრიორიტეტის შესრულებას. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ინკლუზიური პროცესი საშუალებას აძლევს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, სრულად ჩაერთონ პრიორიტეტების შესრულებაში, რისთვისაც სამუშაო ჯგუფებია შექმნილი.
საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მის გავლენას საქართველოზე, რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოზე. პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად ევროკავშირის მცდელობებს და საქართველოს მზადყოფნას, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ სფეროებში შემდგომ დაახლოებასა და ინფრასტრუქტურულ კომუნიკაციაზე ისაუბრეს. შავ ზღვაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ევროკავშირის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ევროკავშირი და საქართველო ამ მიმართულებით თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებენ.
პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია.
ასევე "კურიერის" ინფორმაციით, პრაღაში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა.
სამიტის პირველი დღე შემაჯამებელი პრესკონფერენციით დასრულდება, რომელსაც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი გამართავს. ლიდერების კომუნიკაცია დღის ბოლოს ვახშამზეც გაგრძელდება.