კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სისტემაში არსებულ უმწვავეს პრობლემებს უგულებელყოფს.
კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ რეფორმას ფასადურს უწოდებენ და განმარტავენ, რომ ეს რეფორმა საკმარისი ვერ იქნება მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.
სასამართლო რეფორმის დოკუმენტში მოცემული ხედვა უგულებელყოფს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს: ძალაუფლების კონცენტრაციას და "კლანურ" გავლენებს.
არასამთავრობოების კრიტიკას უპასუხეს მმართველ გუნდში. პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემას დადებითი საერთაშორისო შეფასებები აქვს.
"ხელისუფლება სასამართლო მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმებს ძალიან თანმიმდევრულად ახორციელებს, რომელმაც მოიტანა ის, რომ დღეს სტრასბურგში 60 პროცენტით არის შემცირებული საქართველოს მოქალაქეების საჩივრები. ასევე სახელმწიფო ორგანოებთან დავებში ადამიანები თავის სიმართლეს ამტკიცებენ , საქართველოს სასამართლო სისტემას დადებითი საერთაშორისო შეფასებები აქვს. ვისაც არც ერთის, არც მეორის და არც მესამის არ სჯერა, როგორც ჩანს, თავის პირადი დღის წესრიგით ხელმძღვანელობს და დაინტერესებულია, როგორმე ზიანი მიაყენოს საქართველოს სასამართლო სისტემას," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.