ევროკავშირი რთული ზამთრისთვის ემზადება. ორგანიზაციაში, ბუნებრივ აირზე ფასების ზრდას, პუტინის მანიპულაციას უწოდებენ. პრაღაში, არაფორმალურ სამიტზე, ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს იქნება - როგორ უნდა დაარეგულირონ ფასები ენერგორესურსებზე და რა დახმარება გაუწიონ ბიზნესსექტორსა და მოქალაქეებს. სამიტის კიდევ ერთი მთავარი თემა უკრაინის სამხედრო გაძლიერებაა.
პარალელურად, ლიდერებმა სამიტის დაწყებამდე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრა შეაფასეს.
"ძალიან ღია დისკუსია იყო. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ფორმატია. მაგიდის გარშემო ათი ვიყავით, ამიტომ ძალიან ღიად შეგვეძლო ამ საკითხების განხილვა. რაც მნიშვნელოვანი იყო ეს არის, რომ რუსულმა აგრესიამ უკან უნდა დაიხიოს. მაგრამ, რა თქმა უნდა, იყო განსხვავებული შეხედულებები, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. ვფიქრობ, გაგება მაინც საერთო იყო. ეს იყო ნაყოფიერი დისკუსია ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხედულებების მოსასმენად. ვფიქრობ, ეს კარგი შეხვედრა იყო, რადგან მართლაც, ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, არ არიან ნატოს წევრები, მაგრამ გეოგრაფიულად ევროპაში არიან, იკრიბებიან ერთ მაგიდასთან. ის დაძაბულობა, რაც გვაქვს აზერბაიჯანში, სომხეთში, ისინი ერთ მაგიდასთან ისხდნენ. ასე რომ, ვფიქრობ, ეს უკვე დადებითი შედეგია," - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასიმ.
უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა შარლ მიშელმა და ამასთან, აღნიშნა, რომ აუცილებელია ენერგეტიკული კრიზისი აღმოიფხვრას.
"ჩვენ ერთიანები ვრჩებით, უკრაინის მხარდაჭერის საკითხში. ფინანსურ, პოლიტიკურ და სამხედრო თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია ვიყოთ ძალიან მტკიცე, რათა დავგმოთ რუსული აგრესია. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ, ყალბ რეფერენდუმს და უკანონო ანექსიას. ახლა ამ ეტაპისთვის ენერგეტიკული კრიზისი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამიტომაც საჭიროა სწორი ნაბიჯების განსაზღვრა, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება შესაძლოა ნიდერლანდებში მივიღოთ. საკითხი იქნება იმაზე, როგორ შეიძლება დამოკიდებულების შემცირება, ამისთვის ჩვენ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადავდგით," - აღნიშნა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.