"ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მიმდინარეობს ფულის, გავლენების და ტელევიზიების გადანაწილების პროცესი - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, პარტიის წევრების ინტერესი შიდა პარტიული ბიუჯეტის გადანაწილებაა.
"ნაციონალური მოძრაობის შიგნით მიმდინარეობს ფულის, გავლენების და ტელევიზიების გადანაწილების პროცესი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს პარტია ყოველთვის იყო ერთი კაცის პარტია და როდესაც ეს ერთი კაცი დღეს კანონის საფუძველზე არის დისტანცირებული პარტიის მართვის პროცესიდან, ხედავთ, რომ მის თანაპარტიელებს აინტერესებთ ერთადერთი, თუ როგორ გადაინაწილონ შიდა პარტიული ბიუჯეტი. ის, რომ ერთმანეთს ემუქრებიან, რომ კიდევ უფრო მეტს იტყვიან მომავალში, ესეც მიუთითებს იმაზე, თუ საბოლოო ჯამში რა შეიძლება დაემართოს ისეთ პარტიას, რომელიც თავისი ქვეყნის დაზიანებით, თავის საზოგადოებაში კონფლიქტის და დაძაბულობის დათესვით და დესტაბილიზაციით არის ხოლმე დაკავებული," - ამბობს არჩილ თალაკვაძე.