ბავშვთა უფლებების დაცვა, გახმაურებული საქმეები, მოსმენები, სახალხო დამცველის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საპატრიარქოსა და პარლამენტის წინააღმდეგ, აქციებზე დაკავებულების საქმეები, ეს იმ კითხვების მხოლოდ ნაწილია, რომლებიც დეპუტატებმა სახალხო დამცველს დუსვეს.
ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა. ანგარიშში 2021 წლის ფაქტებია ასახული. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 4,666 განცხადება შევიდა, ხოლო სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 11,126 ზარი განხორციელდა. სახალხო დამცველმა 2021 წელს მოამზადა და სახელმწიფო უწყებებს მიმართა 67 რეკომენდაციითა და წინადადებით. ეს ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებული ბოლო ანგარიშია, რადგან მას უფლებამოსილება რამდენიმე თვეში ეწურება.
"ქართული ოცნების" წევრების მხრიდან სახალხო დამცველის მისამართით გაისმა კრიტიკა იმ კანონის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის გამო, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრებისთვის მიმდებარე ტყის ფართობების გადაცემას ითვალისწინებს. კანონი პარლამენტმა მაისის თვეში მიიღო და მოპასუხეც სწორედ პარლამენტი იყო, თუმცა მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ სახალხო დამცველის ქმედებები ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული.
"რა ბედენაა ერთ ნაკვეთზე დავა ეკლესიასთან. ხომ არ გიფიქრიათ იმაზე, რომ პირდაპირ მიგემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და მოგეთხოვათ კონკორდატის გაუქმება, რომელიც მრავალი წლის წინ დაიდო სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიას შორის და კიდევ ერთი კითხვა, ასევე გულწრფელად, რას ფიქრობთ საქართველოს ეკლესიის როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის საქმეში," - მიმართა "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა ნინო ლომჯარიას.
"ხალხის ძალის" წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი დაინტერესდა, რა მიზანი ჰქონდა სახალხო დამცველის აპარატს, როდესაც აღნიშნული კანონის წინააღმდეგ გამოდიოდა.
"მე არა მგონია, რომ თქვენ და თქვენს უწყებას არ სცოდნოდა ის მინიმალური ისტორია საქართველოსი, რომ ამ შემთხვევაში ეკლესია-მონასტრები სწორედ მართლმადიდებლურ ეკლესიას გააჩნია და ამ კანონში სწორედ ეს ეწერა, რომ ისტორიულად სადაც იყო ეს ნაგებობები, იმის მიღმა თუ იყო სატყეო მიწები, მხოლოდ ამაზე იყო საუბარი. რა იყო მიზანი, რომ მომხდარიყო დისკრედიტაცია მართლმადიდებელი ეკლესიის?"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
"ქართული ოცნების" წევრმა ნინო წილოსანმა სახალხო დამცველის პოლიტიკურ მიკერძოებულობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ნინო ლომჯარია სააკაშვილის დამცველად იქცა:
"თქვენ სახალხო დამცველის ინსტიტუტი პირადი პოლიტიკური პრეფერენციების გამოსახატად აქციეთ და ხალხს თავი არა სახალხო დამცველად, არამედ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრეთ. კანონდარღვევით შემოპარული და უამრავ დანაშაულებში დამნაშავე, ასევე ბრალდებული ექსპრეზიდენტის გამო, თქვენი ციხეში შესვლის რაოდენობა ოდნავ მაინც თუ მიდის ახლოს ხალხისთვის, სხვა ადამიანებისთვის ციხეში თქვენს ვიზიტებთან?!"- მიმართა ნინო წილოსანმა ლომჯარიას.
უკრაინის ომის შესახებ პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციის გამო გააკრიტიკა სახალხო დამცველი მმართველი პარტიის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
"თქვენ საუბრობდით, რომ პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას გერჩივნათ, რომ ბომბები მიგვეღო და წვა ყოფილიყო ქვეყანაში. მე მაინტერესებს კვლავაც იგივე მოსაზრებაზე რჩებით, თუ ხედავთ იმას, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რომ პარტნიორ სახელმწიფოს დაეხმაროს და მეორეს მხრივ ამართლებთ თუ არ იმ პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური განვითარების შესაძლებლობა არსებობდეს," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებით სახალხო დამცველის მუშაობას დადებითად აფასებს ოპოზიცია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მიიღეს მითითება, რომ სახალხო დამცველი დაადანაშაულონ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და საომარ რიტორიკაში.